27 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი - ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით კენჭისყრა გაიმართება. საკითხს კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ. კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს ოპოზიცია და ბოიკოტის რეჟიმში რჩება. 

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, საარჩევნო კოდექსის წარმოდგენილი ვარიანტი ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს იგნორირებას უკეთებს და მთავარი პრობლემები მოუგვარებელი რჩება

"ეუთო/ოდირის რეკომენდაცია იყო დაახლოებით 30 აქედან შესრულდა 3, ნაწილობრივ 7, დანარჩენი კვლავ არ არის შესრულებული. კვლავ დარჩენილია ისეთი მძიმე საკითხები, როგორიც არის მოსყიდვა, ძალადობა, მუქარა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტული მოთხოვნები აქვთ "ევროპულ საქართველოში". მათ შორის არის საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობის შეზღუდვა:

"ევროპულ საქართველოს" რამდენიმე პრინციპული საკითხი აქვს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, პირველ რიგში ეს ეხება ხალხის რაოდენობის შეზღუდვას საარჩევნო უბნებთან გარკვეული პერიმეტრის ფარგლებში, გამომდინარე იქიდან, რომ "ქართული ოცნება" იყენებს ხოლმე ამ თავშეყრას თავისთან დაახლოებული კრიმინალების, რომ გავლენა მოახდინოს ადამიანების ნებაზე. დღეს "ქართული ოცნება" ხარჯავს ჩვენ ფულს და თვითონ იკეთებს რეკლამას არასაარჩევნო დროს," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციისგან განსხვავებით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს უმრავლესობა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, "ქართული ოცნებიდან" ამ ცვლილებებს სრული მხარდაჭერა ექნება.

"ამ კვირის ბოლომდე უნდა დავასრულოთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებისთვის, მეტი გამჭვირვალობისთვის და რაც მთავარია ეს ცვლილებები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას , ეუთო/ოდირის ყველა ძირითად რეკომენდაციას," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები