ხვალ სასამართლო განიხილავს საქმეს, ირღვევა თუ არა კანონი არასრულწლოვნის კარანტინში განთავსებით, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი ამის წინააღმდეგია. სასამართლოს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელმა დირექტორმა მიმართა, რომლის ინფორმაციითაც, მისი 11 წლის შვილი არასათანადო პირობებშია.
ანა არგანაშვილი აღნიშნავს, რომ უარი მიიღო არაერთ მოთხოვნაზე, ბავშვი თვითიზოლაციაში ყოფილიყო. ამ მიმართულებით ახალი რეკომენდაციების შემუშავება დაევალა ოპერაციულ შტაბსაც.
"ბავშვები არ უნდა იყვნენ კარანტინში, ბავშვები უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში, თუ ამის აუცილებლობა არსებობს და იმიტომ, რომ ვიღაც ზრდასრულებმა დაარღვიეს კარანტინის წესები, ამის გამო ქვეყანამ ბავშვები არ უნდა დასაჯოს არაადეკვატურ პირობებში მოთავსებით.
სასამართლომ თავდაპირველად დამიხარვეზა, ვინაიდან მე მართლაც არ ჩამბარებია არანაირი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. არც ვიცი რა იმსჯელეს, რატომ იმსჯელეს, მაგრამ შემდგომში ეს ხარვეზი გავასწორე და ხვალ 5 საათზე ჩაინიშნა სასამართლო სხდომა, სადაც დავიცავ ბავშვის უფლებებს," – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წევრმა ანა არგანაშვილმა.