ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს ინფორმაცია არ აქვს, თუ რა გარემოებებში გაიტაცეს და როგორია დაჭრილის მდგომარეობა. ზაზა გახელაძის მშობლების თქმით, შვილის გატაცების შესახებ ინფორმაცია მასთან ერთად მყოფმა პირმა მიაწოდა, თუმცა სხვა დეტალები მათ არ იციან. ოჯახის წევრები, ასევე, გამორიცხავენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზაზა გახელაძეს თან იარაღი ჰქონდა და ე.წ მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა.
ოჯახის წევრების თქმით, ცხინვალიდან მათ არავინ დაკავშირებია.
"სოკოზე იყო წასული, ბიჭი მოვიდა რომ რუსები იყვნენ გადმოსულები და წაიყვანესო, მეტი არაფერი არ ვიცი. მეუბნებიან შენი შვილი დაჭრილიაო," - აცხადებს ზაზა გახელაძის მამა.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. 33 წლის ზაზა გახელაძე სოფელ ქვემო ჭალაში, სხვილოს ციხის მიმდებარედ დააკავეს. ის სოკოს საკრეფად იყო წასული.
სუსის განცხადებით გატაცების ფაქტთან დაკაშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სუსი ასევე ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. დაჭრის ფაქტს ადასტურებს საოკუპაციო რეჟიმიც.