მცხეთის სასამართლოში, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მისულია ერთ-ერთ არასრულწლოვნის მამა, რომელსაც მაისურზე დატანილი აქვს შაქარაშვილების ოჯახის ადვოკატის, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ფოტო წარწერით "მაგ სიმართლით იარე".
ის აცხადებს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და სიმართლის სათქმელად გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს. როგორც არასრულწლოვნის მამა აცხადებს, გიორგი შაქარაშვილი საბურთალოელებმა მოკლეს, მირიან ნიკოლაძეს კი სიმართლის დადგენა არ სურს.
"ბიძამისი ხომ კარიერისტი ადამიანია, არ ვიცი რაში მოელაპარაკა სამინისტროს, მაგრამ ყველა ფაქტს, რაზეც ჟურნალისტები შეეკითხნენ, აბათილებს. ანუ განადგურებულია ის ადგილი, სადაც იმალებოდა ამირხანაშვილი, მერე რაო, მანდ უკვე მორჩაო, თუ მორჩა რატომ იცავენ იმ ადგილს. "ლიშბი" მალე მორჩეს ეს ყველაფერი, რომ არჩევნებზე რაღაცა ქულები დაიწეროს," - აცხადებს თამაზ ხომასურიძე.