05 მაისი 2024,   03:54
ვრცლად
ბეირუთი უბედურების ზონაა - ლიბანის არაერთგზის დანგრეულ დედაქალაქში უამრავი შენობა კვლავ ნანგრევებად იქცა

ლიბანი დაღუპულებს გლოვობს. ძლიერმა აფეთქებამ, ბოლო მონაცემებით, 100 ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 4 ათასზე მეტი კი დაშავებულია. დაღუპულთა შორისაა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი. დაშავდნენ ჰოლანდიის ელჩის მეუღლე და გაეროს წარმომადგენლები. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს. 

ძლიერი აფეთქების შედეგად დანგრეულია საავადმყოფოებიც, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებები დაშავებულ პაციენტებს ვეღარ იღებენ.

ტრაგედიის გამო მთვარობამ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა. ბეირუთში შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობაა მობილიზებული. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს კატასტროფა უწოდა და პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.

ლიბანის დედაქალაქის პორტთან ზედიზედ ორი ძლიერი აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით, საღამოს 6 საათზე მოხდა, რასაც მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. ბიძგები იგრძნობოდა ბეირუთიდან 240 კილომეტრის მოშორებით მდებარე კვიპროსზეც.

"ალჯაზირას" მონაცემებით, 300 ათასამდე ადამიანი ბეირუთში უსახლკაროდ დარჩა. ზარალი კი, დაახლოებით, 2-5 მილიარდი დოლარია. "ეიბისი" ლიბანის პრეზიდენტის აპარატზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება 2 750-მა ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.

გავრცელდა სხვა ვერსიებიც, მათ შორის - აფეთქების მიზეზად ხანძარი დასახელდა, რომელიც პორტში ფოიერვერკებით დატვირთულ გემზე გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით კი, აფეთქება ფოიერვერკებით სავსე საწყობში მოხდა.

"ბიბისის" ცნობით, კი, აფეთქება ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობაზე სასამართლო ვერდიქტს უკავშირდება. სასამართლომ განაჩენი ოთხ ეჭვმიტანილს გამოუტანა, რომლებსაც ბრალად ექს-პრემიერის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება ედებათ. ოთხივე ეჭვმიტანილი "ჰეზბოლას" დაჯგუფების წევრია. ბრალს არც ერთი მათგანი აღიარებს.

მომხდარ ტრაგედიას მსოფლიოს არაერთი ლიდერი გამოეხმაურა. ბეირუთს დახმარება შესთავაზა დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა , ავსტრალიამ და თურქეთმა. საფრანგეთიდან ლიბანში ორი სამხედრო თვითმფრინავი, 6 ტონა აღჭურვილობა და 55 სამხედრო ჩავა. ასევე, ოფიციალური პარიზი ბეირუთს მოძრავი კლინიკითაც დაეხმარება. ლიბანს უკვე დაეხმარა ყატარი, ქუვეითი და ერაყი.

ტრაგედიიის გამო მწუხარება გამოთქვა რომის პაპმა ფრანცისკემ

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს უსურვებს. ლიბანელ ხალხს ტვიტერზე მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე საელჩოში ან საქართველოს საპატიო კონსულთან ლიბანში საქართველოს მოქალაქეების ზარი არ შესულა. უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა უკიდურესად მცირეა. მათი უმრავლესობა ლიბანიდან პანდემიის პირობებში გაემგზავრა.

დღის ამბები