18 მაისი 2024,   14:08
ვრცლად
აშშ-ში დაწყებულმა პროტესტმა უმაღლესი განათლების 140 დაწესებულება მოიცვა - პოლიციამ 2400 დემონსტრანტი დააკავა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტუდენტების მიერ 17 აპრილს დაწყებულმა პროტესტმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი განათლების 140 დაწესებულება მოიცვა. ამერიკის პოლიციამ, პროტესტის მიმდინარეობისას, 46 კამპუსში 2400 დემონსტრანტი დააკავა.

უნივერსიტეტებში, ამ დროისთვის, დემონსტრაციები შეჩერებულია, სტუდენტებისა და კოლეჯების ადმინისტრაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საგამოცდო პერიოდში და გამოსაშვებ ღონისძიებებზე დემონსტრაციები აღარ გაიმართება. პარალელურად, უნივერსიტეტები ისრაელის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის შეწყვეტას განიხილავენ.

18 დღის განმავლობაში, აშშ-ს 17 შტატში, პროტესტის მონაწილეები აშშ-ს მიერ ისრაელის სამხედრო დახმარებას, უნივერსიტეტების ისრაელთან თანამშრომლობასა და ღაზის სექტორში ნეთანიაჰუს სამხედრო კამპანიას აპროტესტებდნენ.
 
პრო-პალესტინელი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიციამ რეზინის ტყვიები, ხმოვანი მანათობელი ყუმბარები, ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა. სახელმწიფო დემონსტრანტებს კამპუსების ტერიტორიაზე შეჭრაში, ცეცხლსასროლი იარაღის სახელმწიფო დაწესებულებაში შეტანასა და ვანდალიზმში ადანაშაულებდა.

აშშ-ს შემდეგ, პროტესტი სხვადასხვა ქალაქში გავრცელდა - პარიზში, ლონდონში, ბერლინსა და სიდნეიში. სტუდენტები საკუთარი სახელმწიფოების მიერ პალესტინელების მხარდაჭერას ითხოვენ. ისრაელის პრემიერ მინისტრი, სტუდენტებს ბრალდებებს პასუხობს და მათ ანტისემიტიზმში ადანაშაულებს.

დღის ამბები