სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა, შეხვედრას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 21 ელჩი ესწრებოდა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი საქართველოში. პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, საპროტესტო გამოსვლებზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ზურაბიშვილმა თხოვნით მიმართა ელჩებს, მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე განხორციელდეს.
"დღევანდელი დღის გზავნილი არის, რომ ნამდვილად საქართველოს ევროპული გზა ნარჩუნდება, როგორც ეს წერია ჩვენს კონსტიტუციაში. საქართველოსთვის ერთადერთი გზა არის და ეს არის კონსტიტუცია, რომლის დასაცავად ვარ აქ და ამავდროულად, მე წარმოვადგენ და ვიცავ საქართველოს მოსახლეობის ხმას, ახალგაზრდებისას, რომლებიც ქუჩებში არიან გამოსულები ძალიან მშვიდობიანად და პასუხისმგებლობიანად, თუმცა ასევე, დანარჩენი მოსახლეობის ხმასაც, რომლებიც ქუჩაში არ დგანან, მაგრამ იზიარებენ ევროპულ პერსპექტივას და გეგმას მრავალი წლის განმავლობაში და გამოხატეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი, ასევე მრავალი წლის განმავლობაში. მე არ ვარ დემონსტრაციის არც ერთი მოძრაობის ლიდერი, მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, უბრალოდ, მხარს ვუჭერ იმას, რაც ხდება ჩვენი ევროპული ნების კვალდაკვალ,"- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.