19 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
ჩაკეტილი სვანეთი ასეულობით PCR ტესტის პასუხის მოლოდინშია - მუნიციპალიტეტის ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი ლენჯერია

სვანეთში ეპიდემიოლოგთა რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება დღის მეორე ნახევარში მიიღეს - სპეციალისტთა 5 ჯგუფი 16 ჯგუფამდე გაიზარდა. მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა  მიმდინარეობს. ამ დროისთვის აღებულია 500- ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუში. მუნიციპალიტეტში ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი ლენჯერია, სადაც ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. მასალები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბლოკ-პოსტებსა და მუნიციპალიტეტში ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება. ეპიდემიის ახალ კერაში შესვლის საშუალება მხოლოდ დისტრიბუციის ავტომანქანებს აქვთ, რომლებიც რეგიონს სურსათით და მედიკამენტებით ამარაგებენ. რეგიონის პროდუქტით მომარაგების და ფასების რეგულირების დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს სპეციალური შტაბი. საკარანტინო შეზღუდვების გამო ადგილობრივების პრობლემების მოგვარებისთვის შტაბის სხდომა დღეს რამდენჯერმე გაიმართა. მესტიაში იმყოფება რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველი. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ადგილზე ეპიდვითარება მართვადია.

სვანეთში ჩარჩენილი 500 მდე ვიზიტორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით უკვე საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. მათ სავალდებულო კარანტინის გავლა მესტიაში ან სურვილისამებრ სხვა რეგიონში შეუძლიათ. 20 მდე სასტუმრო მესტიაში კი, სწორედ ამ მიზნით მოეწყო.

მესტიაში საკარანტინო რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრება ჯერჯერობით არ იგეგმება. მუნიციპალიტეტში ვიზიტორთა შესვლა აკრძალულია, ადგილობრივებს კი, შესვლის შემთხვევაში ტერიტორიის დატოვება 28 დღის განმავლობაში აღარ შეეძლებათ. ყველა ტურისტი კი, რომელიც სვანეთს დატოვებს სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლის.

დღის ამბები