ეროვნული სკრინინგის ცენტრი და კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსი" ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქციას აგრძელებს. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები 2 დღის განმავლობაში საგარეჯოს მოსახლეობისთვის უფასო კვლევებს ატარებდნენ. უფასო სკრინინგის აქცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მოსახლეობაში დაავადების დროულ გამოვლენას უწყობს ხელს.
"ქალბატონებს შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით შეუძლიათ ისარგებლონ ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამით, ანუ, ჩაიტარონ მამოგრაფიული გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპია და, ასევე, ვისაც დასჭირდება, აქვე ჩავატარებთ ბიოფსიასა და მასალის ციტოლოგიურ კვლევას,"- განაცხადა სკრინინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურიძემ.