"ქართული ოცნება" აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარდგენას აგრძელებს. საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდის რჩეული აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე იქნება, აჭარის უმაღლეს საბჭოში კი მოქმედი დეპუტატი ცოტნე ანანიძე დაასახელეს.
ქობულეთელ ამომრჩეველს კანდიდატები "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ და პრემიერმა გიორგი გახარიამ წარუდგინეს.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
"წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები, რომელთაც სჭირდება შესაბამისი პასუხები და რეაგირება. მე დარწმუნებული ვარ, ღირსეული პასუხებით, ღირსეული ქმედებებით და წინგადადგმული ნაბიჯებით დავძლევთ ყველა არსებულ გამოწვევას, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას,"- განაცხადა კახა კალაძემ.
"მე ამ კუთხის შვილი ვარ, აქ ვცხოვრობ და ჩემი პროფესიით, გამოცდილებით ვემსახურები ჩემს ხალხს და ჩემთვის უცხო არ არის ის გამოწვევები, რაც თითოეული თქვენგანის ოჯახს გააჩნია და გარწმუნებთ, ერთად შევძლებთ ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას,"- განაცხადა წარდგენისას ზაალ მიქელაძემ.