08 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
რა პრემიერ-მინისტრი, რის პრემიერ-მინისტრი, მან უნდა მოიხადოს სასჯელი - გია ჟორჟოლიანი სააკაშვილზე

კოალიცია "ძალა ერთობაშიას" მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დაყენებას ოპოზიციაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. 

ოპოზიციის ნაწილმა საკითხი პოზიტიურად აღიქვა, ნაწილი კი ყოფილ პრეზიდენტს დამნაშავედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი ადგილი ციხეშია. 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის მიესალმება ოპოზიციური პარტიების მხრიდან საკუთარი კანდიდატების დასახელებას, თუმცა ხაზს უსვამს, რომ "სტრატეგია აღმაშენებელს" საკუთარი გეგმა აქვს.

"სწორედ აღმშენებლობის სტრატეგიის რეალიზებისთვის, ქვეყანაში კრიმინალის და სიღარიბის დამარცხებისთვის ვაპირებ, გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. პრემიერობა კი არ უნდა იყოს მიზანი, არამედ რა სტრატეგიით და გეგმით მოდიხარ, რის გაკეთებას აპირებ,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, "ლელო" გამორიცხავს თანამშრომლობას იმ მოცემულობაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.

"ეს არის ის საარჩევნო ტრიუკი, რომელიც გასული არჩევნებისას ვნახეთ, როცა ის აანონსებდა საკუთარ დაბრუნებას. ეს მხოლოდ უწყობს ხელს ორპოლუსიანობის გამყარებას, რომლითაც, პირველ რიგში სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი, ასევე, მიხეილ სააკაშვილი,"-განაცხადა საბა ბუაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი როგორც კი საქართველოში ჩამოვა, მაშინვე საპატიმროში მოხვდება.

"მან უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც მას სასამართლომ მიუსაჯა, რა პრემიერ-მინისტრი, რის პრემიერ-მინისტრი, სერიოზული კომენტარი ამაზე ზედმეტია,"-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

პარტია ”სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, ხალხი გადაწყვეტს, ვის ექნება ნდობის ყველაზე მეტი მანდატი.

"მგონია, რომ ეს ის არჩევნებია, რომელმაც უნდა მოიტანოს სიახლე და არა დავბრუნდეთ უკვე ნანახ, ძველ და მძიმე პოლიტიკურ რეალობაში. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება პოლიტიკური კონსენსუსის ნაწილი,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თემა დღეს კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მან კიდევ ერთი ვიდეომიმართვის გავრცელება დააანონსა, სადაც ისაუბრებს სტრატეგიაზე, თუ როგორ აპირებს არჩევნებში გამარჯვებას. 

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ძალა ერთობაშიამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.

დღის ამბები