27 აპრილი 2024,   01:50
ვრცლად
"ბესელია ნასვამ მდგომარეობაში იყო, ჩემ მიმართ ცინიკური წამოძახილები ჰქონდა, შემდეგ კი პირდაპირ მესროლა" - დაჭრილი მორაგბე 

დაჭრილი მორაგბე "კურიერთან" პირველ სატელევიზიო კომენტარს აკეთებს. რამაზ ხარაზიშვილი ექსკლუზიურად ჩაწერილ ინტერვიუში დეტალურად იხსენებს მომხდარს და კიდევ ერთხელ საუბრობს რაგბის კავშირში არსებულ პრობლემებზე. 

ის ირწმუნება, რომ სროლამდე მას და რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს შორის არც დაპირისპირება და არც შელაპარაკება მომხდარა.

დაჭრილი მორაგბე ამბობს, რომ მერაბ ბესელია მისმა კითხვამ გააღიზიანა, რის შემდეგაც იარაღი ამოიღო და დამიზნებით ესროლა. მისივე თქმით, ბესელია ამ დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

"უბრალოდ, შიდა დაპირისპირება მოხდა, რადგან მერაბ ბესელია იმ ჯგუფის წევრი იყო, ვინც აქამდე მართავდა რაგბის კავშირს. უბრალოდ, ალბათ რაღაც ვერ გაიყვეს და ეს იყო მიზეზი. მე როდესაც შევხვდი ამ ადამიანს, მომეჩვენა რომ ის ჩემთან სასაუბროდ სპეციალურად არ იყო მოსული. გამგეობის თავმჯდომარეს ელაპარაკებოდა და ცოტა დაძაბული საუბარი იყო მათ შორის. ამის შემდეგ, მე დამისვა შეკითხვები და მეც ჩამრთო საუბარში. აივანზე გავედით, მე ყველა მის შეკითხვას პასუხი ჩვეულებრივად გავეცი, მას კი ცინიკური და დაცინვითი ხასიათის წამოძახილები ჰქონდა, ამაზე რომ ვკითხე რას ნიშნავდა, პასუხი ვერ გამცა და პირდაპირ მესროლა,"- აცხადებს მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი. 

რამაზ ხარაზიშვილი "კურიერთან" აცხადებს, რომ თავდაპირველად გამგეობის თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტი რაღაც შეხვედრას განიხილავდნენ. 

"ვიცი რომ საუბარი, გარდა რაღაც შეხვედრისა, შეეხებოდა მისი გავლენის დაკარგვას და მეორე ის, რომ თავად მარტყოფის ბაზის დირექტორია და იქ რაღაც საკითხი მის სასარგებლოდ არ გადაწყდა. სწორედ ამიტომ იყო აგრესიული. ის გამგეობის თავმჯდომარესაც კითხვებს უსვამდა, რაზეც დაძაბული საუბარი იყო,"- ამბობს რამაზ ხარაზიშვილი. 

მერაბ ბესელიას ადვოკატის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა და ის, ფაქტობრივ გარემოებებში ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.  

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა. მას დიდი დამსახურება აქვს ქართული რაგბის წინაშე და ამ მოცემულობას ის ძალიან ნანობს. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ მის მიერ გამოხატული პოზიციები, ძალიან დაეხმარება როგორც გამოძიებას, ასევე რაგბის კავშირს. ფაქტობრივ გარემოებებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა სამართლებრივ ნაწილში ბრალდების მხარეს ბოლომდე არ ვეთანხმებით,"- აცხადებს მერაბ ბესელიას ადვოკატი პაატა მეხრიშვილი.

დაკავებულს დღეს ბრალი სხეულის განზრახ დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს. 

 

 

დღის ამბები