27 აპრილი 2024,   04:12
ვრცლად
მუდმივად მიდის დამადლება შეთანხმებაზე, ეს არ ეხმარება საერთო მიზანს - ოპოზიცია ენმ-ისა და "გირჩის" დაპირისპირებაზე

"ნაციონალურ მოძრაობასა" და "გირჩის" ლიდერს შორის დაპირისპირებას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. პოლიტიკოსები ლიდერებს მოუწოდებენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციური სპექტრის მაქსიმალურ გამარჯვებაზე კონცენტრირდნენ.

"ერთიან ფორმატად მოღვაწე ოპოზიციის შემადგენლობაში აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირება, კონკურენცია იქნება ბუნებრივი მოვლენა, რაც უკავშირდება საარჩევნო პროცესს და იმის წარმოჩინებას ვინ უკეთესია, აქ მე ვერაფერს ვერ ვხედავ ცუდს, მთავარია ზღვარი დავიცვათ და ასეთი განცხადებების გამო ვიღაცამ რაღაცა გადაწყვეტილებები არ მივიღოთ. 

ახლა რომ მოიხადოს ბოდიში ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, მერე იგივეს იტყვის ვთქვათ პირველი ოქტომბრის შემდეგ, თუ მას ასე უნდა და უკვე ვეღარ წარადგენს ვერავინ მის კონკურენტს რაიონში, იმიტომ რომ წარდგენის ვადა იქნება დამთავრებული. ეს უფრო ემოციურ ტალღაზე წარმოშობილი პოლემიკაა," - აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

"ჩვენ ფოკუსირებული ვართ ამ წუთში იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ ცვლილებები და როგორ შეცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და როგორ მოხდეს ის, რომ ყველგან სადაც შესაძლებელია გაიმარჯვონ მაჟორიტარულმა კანდიდატებმა, განსაკუთრებით შეთანხმებულმა კანდიდატებმა. ასეთი დამოკიდებულება, როდესაც მუდმივად მიდის დამადლება შეთანხმებაზე, მუდმივად მიდის რაღაც შანტაჟის ენით საუბარი, არ არის ჯამში პროდუქტიული და არ ეხმარება საერთო მიზანს, - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმავე შეცდომას არ დაუშვებს, რაც მისი შეფასებით, დაუშვა ისნის რაიონში. გიორგი ვაშაძე ოპოზიციას მოუწოდებს ნუ გამოეკიდებიან ერთმანეთს, კონკრეტულ ფრაზეოლოგიაზე.

ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "გირჩის" ლიდერს შორის დაპირისპირების შემდეგ, დღეს მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. საქმე უკავშირდება "გირჩის" ლიდერის განცხადებებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეურაცხმყოფელია.

დღის ამბები