27 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
ჩვენ შეგვიძლია გავაჩეროთ და დავასტაბილუროთ ლარი - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე ლარის კურსზე და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეკონომიკაზე, რომელმაც ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო, პასუხისმგებელი "ქართული ოცნებაა" და  ბიძინა ივანიშვილი დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია. ხაზარაძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს იმ პრობლემებზე საუბარი შესთავაზა, რომლის წინაშეც დგას დღეს ქვეყნის ეკონომიკა.

ხაზარაძის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს მოსახლეობამ და ბიზნესმა 1 მლრდ. დოლარის ზარალი მიიღო. 

"მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 17 პროცენტით გაუფასურდა. რამაც გამოიწვია ჩვენი მოსახლეობის დავალიანების გაზრდა 600 000 მლნ. დოლარით. ასეთივე, 400 000 მლნ. დოლარის  ზარალი მიიღო ბიზნესმა, რომელიც ასაქმებს ხალს. ჯამში, მოქალაქეებმა და ბიზნესმა მიიღო 1 მლრდ. დოლარის ზარალი, რაც წარმოუდგენელი რიცხვია იმ პატარა ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორიცაა საქართველო.

ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებელი არის "ქართული ოცნება" და მისი მთავრობა, რადგან მათ არ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან და შეცვალონ სიტუაცია,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

„ლელოს“ თავმჯდომარემ პარტიის გეგმაზეც ისაუბრა, რომლის  მეშვეობითაც  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს  საშუალება მიეცემათ თავიანთი სესხის გადავადება/რეფინანსირების.

"ამ გეგმის მიხედვით სასწრაფოდ საჭიროა, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მიეცეს საშუალება თავიანთი სესხის გადავადება/რეფინანსირების, მინიმუმ 6 თვით. ჩვენ უნდა მოვხსნათ ეს ტვირთი ეკონომიკური კრიზისისგან დაზარალებულ მოსახლეობას. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელსაც “ლელო” პარლამენტში დააყენებს, იქნება 6 თვით სესხებზე გადასახადის გადავადება/რესტრუქტურიზაცია, ყოველგვარი ჯარიმების გარეშე. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ საკითხს საგარანტიო ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც მისცემს ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალებას,“-აღნიშნა ხაზარაძე. 
 
"ლარის კურსი სასწრაფოდ გასაჩერებელია და ჩვენ, “ლელო” ამისთვის ლარის „დერეფნის განსაზღვრის“ მექანიზმის შემოღებას გთავაზობთ. ჩვენ შეგვიძლია, გავაჩეროთ და დავასტაბილუროთ ლარი. სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში უახლოეს მომავალში შესაძლებელია ლარის კურსის დასტაბილურება/გაჩერება. პროფესიონალების და მცოდნე ადამიანების სწორი პოლიტიკით ამის გაკეთება შეიძლება და “ლელოს” აქვს ამის ძალა და კომპეტენცია, რომ ეს რეფორმები გაატაროს,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები