19 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
არ არის ჩემი შვილი დამნაშავე, ყველა ნახავს, რომ მაგ სიმაღლის არ არის - ბადრი ესებუას დედა შვილის დანაშაულს გამორიცხავს

დამთხვევა თუ ბადრი ესებუას საეჭვო გაუჩინარება - 21 ოქტომბრის შემდეგ ახალგაზრდა სამხედროს ადგილსამყოფელი მისი ოჯახისთვისაც უცნობია. მათი ვერსიით, ძებნილის ფიზიკური მონაცემები არ ემთხვევა იმ პირის მონაცემებს, რომელიც ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ცენტრალურ ფილიალში შენიღბული და შეიარაღებული შეიჭრა.

თუმცა საეჭვოდ ემთხვევა დრო, როდესაც ესებუამ მშობლიური სოფელი გრიგოლიში დატოვა და მას შემდეგ ის კონტაქტზე ტელეფონითაც კი არავისთან გასულა.

ყველა ამ დეტალზე პირველად საუბრობს სამხედროს დედა, რომელიც იხსენებს, როგორ წავიდა სახლიდან შვილი, ზუგდიდში მომხდარ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე.

როგორც ოჯახი აცხადებს, ესებუას მობილური ტელეფონი სავარაუდოდ ან გამორთულია ან გაფუჭებული. ბადრი ესებუას დედა გამორიცხავს, რომ მის შვილს დანაშაულთან რაიმე სახის კავშირი აქვს.

"ძალიან პატარა ჩანთით გავიდა სახლიდან, ექიმთან მივდივარო დამიბარა. არ არის ჩემი შვილი დამნაშავე. აი რომ ჩამოვა ყველა ნახავს, რომ მაგ სიმაღლის არ არის ჩემი შვილი,"- განაცხადა ესებუას დედამ.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივები. მათი თქმით, ბადრი ესებუა სოფელში რამდენიმე დღით ადრე ნახეს.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი ყოფილი სამხედროს, ბეჟან გვაზავას სახლშიც მივიდა, რომლის სახელიც ამ დღეებში მედიაში გაჟღერდა. 

"კურიერს" ბეჟან გვაზავა სახლში არ დახვდა, მისმა მეგობარმა კი უარყო, რომ სახლი გაჩხრიკეს.

დღეს მედიაში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ერთადერთი ეჭვმიტანილის ვინაობა დასახელდა. გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირი, რომელიც "საქართველოს ბანკში" შეიჭრა, შესაძლოა, ბადრი ესებუაა.

დღის ამბები