06 სექტემბერი 2026,   11:25
ვრცლად
სამართლებრივ აბსურდში არიან შესული, ადამიანს გირაო ისედაც შეფარდებული აქვს - ნიკა მელიას ადვოკატი

2 საათში საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დაიწყება. პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერისთვის 100 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას და საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვს. უკვე ცნობილია, რომ მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება - მან ამის შესახებ ღია განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მელიას ადვოკატის შეფასებით, პროკურატურის მოთხოვნა კანონის მოთხოვნასთან წინააღმდეგობრივია. 

"ნიკა მელიას შეფარდებული აქვს გირაო, შეფარდებული აქვს დამატებითი ღონისძიებები, რომ სამაჯურის ტარებას, შინიდან არ გასვლა, საზღვრის არ გადაკვეთა, პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, საჯარო სიტყვით არ გამოსვლა და ასე შემდეგ. პირველივე დღიდან ეს იყო ფიქცია. თუ შედიხარ და ითხოვ აღკვეთი ღონისძიების დამძიმებას, ნიშნავს პირის პატიმრობას. სამართლებრივ აბსურდში არიან შესული, ადამიანს გირაო ისედაც შეფარდებული აქვს, პასპორტი ჩამორთმეული აქვს და საზღვრის გადაკვეთა ისედაც შეზღუდული აქვს. რას ემსახურება ეს ვითომ სამართლებრივი რეაგირება. რომ არ გამოჩენილიყვნენ საზოგადოების თვალში აი საერთოდ რეაგირება არ მოვახდინეთ, მოითხოვეს დამძიმება, მაგრამ წინააღმდეგობაში მოდიან კანონის მოთხოვნებთან," - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა მელია ელექტრონული სამაჯური რამდენიმე დღის წინ აქციაზე მოიხსნა.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს დაუმაგრეს. მანამდე, 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა.

დღის ამბები