09 სექტემბერი 2026,   02:45
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რა მოხდება შემდეგ, ამ ტიპის კონტაქტები ყოველთვის სასარგებლოა. გადამწყვეტია შუამავლობის ხარისხი და ნდობა მათ მიმართ, ვინც პროცესს უწყობს ხელს - პუტინი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის მოლაპარაკებები არსებითი იყო - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა.

მისივე თქმით, შემდგომი ნაბიჯები მომდევნო კვირებში გამოცხადდება.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მხარი დაუჭირეთ "ცეცხლის გაუხსნელობის პოლიტიკას" კიევსა და მოსკოვში ამ სამი დღის განმავლობაში, რამაც აქ უსაფრთხოდ ყოფნის საშუალება მოგვცა", - განაცხადა სტივ უიტკოფმა.

შეხვედრა შეაფასა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმაც და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დროული და ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იყო.

შეხვედრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომის დასრულებისკენ მიმართულ დონალდ ტრამპის ძალისხმევას მიესალმება.

"სიტუაცია, რომლის მოგვარებაც დღეს გვიწევს, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ სანამ დავიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ, ჩემი საუკეთესო სურვილები და მადლიერების სიტყვები გადასცეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ ტრამპს. ჩვენ გვესმის, რომ, მთლიანობაში, ის რთულ სიტუაციაში შედის. მიუხედავად ამისა, ის განაგრძობს ძალისხმევას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში წვლილის შეტანისთვის.

ვიცი, რომ მოსკოვის შემდეგ კიევში ვიზიტს გეგმავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება შემდეგ, ამ ტიპის კონტაქტები ყოველთვის ეჭვგარეშედ სასარგებლოა. რა თქმა უნდა, გადამწყვეტია შუამავლობის ხარისხი და ნდობა მათ მიმართ, ვინც ამ პროცესს უწყობს ხელს.

მინდა ვთქვა, რომ თქვენთან მუშაობა ჩვენთვის კომფორტული გამოცდილებაა და ჩვენ ნამდვილად დიდი ნდობით ვეკიდებით თქვენს როლს მთელი ამ პროცესის განმავლობაში. ოფიციალური არხებით - როგორც სპეცსამსახურების, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით - შემოვიდა თხოვნა კიევზე დარტყმების შეჩერების შესახებ. მე გავეცი შესაბამისი განკარგულება და დღეს შუაღამიდან კიევზე არანაირი მსგავსი დარტყმა არ განხორციელებულა.

მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინულმა მხარემაც მნიშვნელოვნად, შეამცირა დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვზეც. უკრაინის ხელისუფლებამ წამოაყენა მოწოდება უფრო ფართო, სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე მათთან შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია. თუმცა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რათა უზრუნველვყოთ მოლაპარაკებების პროცესისა და შუამავლების - პირადად თქვენი და, შესაძლოა, თქვენი თანმხლები პირების - უსაფრთხოება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მოსკოვში, დახურულ კარს მიღმა გამართული 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინაში მალევე გაფრინდნენ. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

დღის ამბები