"ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების დროს დესტრუქციული გეგმები ნამდვილად ჰქონდა, რადგან მისი თქმით, ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის ნდობა და შესაბამისად არ აქვს ხელისუფლებაში მოსასვლელად დემოკრატიული მექანიზმი:
"ამ ოპოზიციურ ჯგუფებს და განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი დემოკრატიული მექანიზმი ხელში არ აქვს, არ აქვთ მათ ხალხის ნდობა იმ ოდენობით, რომ იყვნენ ხელისუფლებაში. ისინი ვერ ეგუებიან ამას, ამიტომ სცენარი, რა შეიძლება მათ გააკეთონ, ეს არის დესტრუქცია. მე არ გამოვრიცხავ რაიმეს დაგეგმვას, თუმცა ვერ დავადასტურებ. მე არ მაქვს წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, რომელზეც შეიძლება ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოს. ამიტომ დაველოდოთ," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
30 ოქტომბერს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში არსებობენ გარკვეული დაჯგუფებები, რომლებსაც გააჩნიათ ხელკეტები, ელექტროშოკები და ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ აღნიშნულ რადიკალურ ჯგუფებს არჩევნების პარალელურად არეულობა მოეწყოთ, ამ დაჯგუფებების ლიდერების კონტექსტში კობახიძემ, ნიკა მელია, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინიც ახსენა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიებაც.
დღეს სუსში დაკითხვაზე იყო დაბარებული დევი ჭანკოტაძის საარჩევნო შტაბის აქტივისტი, თუმცა მან მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.