23 დეკემბერი 2024,   18:56
ვრცლად
დავასახელე სააკაშვილის რევოლუციურ-კრიმინალური სცენარის განხორციელებაში ჩართული პირები - ირაკლი კობახიძემ სუსი დატოვა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდგომ მან განაცხადა, რომ გამოკითხვა უკავშირდებოდა, რამდენიმე დღის წინ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძემ ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძეის განმარტებით, მან გამოძიებას დაუსახელა ინფორმაციის წყარო და მიხეილ სააკაშვილის ე.წ. "რევოლუციური სცენარის" შინაარსი.

"დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე რამდენიმე დღის წინ გავავრცელე. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში "ნაცმოძრაობის" ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე ინფორმაციის შინაარსი, მათ შორის წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მოაზრებულნი ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა, ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა.

ჩვენ ვთქვით მაშინ, რომ შექმნილი იყო ჯგუფები, მათ შორის ე.წ. ეკიპაჟები იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებიც იყვნენ მათ შორის ყოფილი ძალოვნები, მათ ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება, რომლებიც მერე გამოჩნდა არჩევნების დღეს, თქვენ გახსოვთ ადამიანები შეიარაღებულნი გადაადგილდებოდნენ, მათ შორის ჰქონდათ ელექტროშოკები და ა.შ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა, რაც არჩევნების დღეს მოგვიანებით დადასტურდა კიდეც.

ჩვენ დავასახელეთ მათ შორის მათი ლიდერების გვარები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი ამ მთავარი კრიმინალური დესტრუქციული ძალის და მასთან ერთად ამ კუთხით მოქმედებდნენ ასევე რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, რომელთაგან დავასახელებდი მაგალითად დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც ჩართული ამ სცენარის განხორციელებაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები