27 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
ზამთრის კურორტები აგენერირებს დიდ მობილობას, ზამთრის ტურისტული სეზონი პანდემიის პირობებში ვერ ჩატარდებოდა - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით დამატებითი დახმარებები იქნება გაწეული. როგორც მინისტრმა "დღის კურიერში" აღნიშნა, კურორტებზე შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო, რადგან არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ ვირუსის ახალი ტალღა სწორედ იქიდან წამოვიდეს.

ნათია თურნავას თქმით, დაწესებული შეზღუდვების გამო, კურორტებისთვის დახმარებები დაწესდა. მინისტრი "დღის კურიერის" ეთერში სწორედ იმ შეღავათებზე საუბრობს, რომელიც ტურიზმის სექტორს გაეწია.

"ზამთრის კურორტები აგენერირებს ძალიან დიდ მობილობას. ზამთარში ყველაზე მეტი დამსვენებელი სტუმრობს ბაკურიანს, გუდაურს. ეს არის არა უბრალოდ ოჯახები, ვინც გადის დასასვენებლად, არამედ მოთხილამურეები თავის ოჯახებთან ერთად დამატებითი კონტინგენტი და აქედან გამომდინარე, არანაირი გარანტია, რომ იქ არ გავრცელდება ვირუსი, არ არსებობს. ჩვენი ეპიდემიოლოგები პირიქით ამტკიცებენ, რომ ბევრი მაგალითი გვაქვს იგივე ალპების, ევროპული ქვეყნების, სადაც ზამთრის კურორტები არსებობს, რომ სწორედ იქიდან მოდიოდა პერიოდულად ახალი ტალღა ინფიცირების. აქედან გამომდინარე, რისკი იყო რეალური. მაგრამ ასევე შეგახსენებთ, რომ ტურისტული ინდუსტრია არის ის ინდუსტრია, რომელიც ჩვენ თავიდანვე გვყავდა, როგორც დახმარების განსაკუთრებული სამიზნე. მართლაც უპრეცედენტო დახმარება ამ ინდუსტრიას გაეწია. ახლა, ბოლო პაკეტი რაც არის ტურისტული ინდუსტრიის დახმარების, ეს არის ის, რომ 4 თვის ქონების გადასახადი, რომელიც გადავუვადეთ 2020 წელს ჩამოეწერათ, მთელი 2021 წელი ეპატიათ უკვე წინასწარ ქონების გადასახადი, გარდა ამისა, მოქმედებს ჩვენი პროგრამა 12 თვის განმავლობაში ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება, ახლა გავაფართოვეთ პროგრამა და რესტორნებიც ჩავრთეთ.

ეს არ არის ჩანაცვლება სრულფასოვანი სეზონის, მაგრამ მერწმუნეთ, რომ სულფასოვანი ზამთრის ტურისტული სეზონი პანდემიის პირობებში ვერ ჩატარდებოდა. ეს ძალიან კარგად ესმით თავადაც სასტუმროებს.

მერწმუნეთ, იმ დროს, როდესაც დღიური ინფიცირება თუნდაც თბილისში აჭარბებს 1000 ადამიანს, წარმოუდგენელია, რომ ამ კურორტებზე არ მოხდეს გავრცელება მყისიერი, არ მოხდეს ეპიდემიის აფეთქება. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია ჩაგვეტარებინა შეზღუდვების გარეშე სრულფასოვანი სეზონი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

დღის ამბები