17 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ჩვენ უარს არ ვიტყვით ჩვენს ძირეულ ინტერესებზე, ცხადია ქართველებიც უარს არ იტყვიან თავიანთ ძირეულ ინტერესებზე - სერგეი შამბა

როდესაც არსებობს კონფლიქტი, საჭიროა საუბარი - განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აკეთებს. სერგეი შამბა აცხადებს, რომ მზად არის ქართულ მხარესთან კომპრომისის მისაღწევად ბევრ საკითხზე. თუმცა ამბობს, რომ ეს არ შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

"ჩვენ უარს არ ვიტყვით ჩვენს ძირეულ ინტერესებზე. ცხადია, ქართველებიც უარს არ იტყვიან თავიანთ ძირეულ ინტერესებზე. ამ უკიდურესობებს შორის ყოველთვის არსებობს საკითხები, სადაც კომპრომისის პოვნა შეიძლება. ჩვენ მოვისმინეთ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაჟღერებული ინიციატივები ისეთი ფორმატის შექმნაზე, რომელშიც მონაწილეობას სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები მიიღებენ. რატომ არ ვცადოთ ამ ფორმატში მონაწილეობა?

ჩვენ ამ რეგიონში ვიმყოფებით, საქართველოსთან დაურეგულირებელი კონფლიქტი გვაქვს. აფხაზურ მხარეს, აფხაზურ სახელმწიფოს საკუთარი ღია დიპლომატია უნდა ჰქონდეს. საქართველოსთან დაურეგულირებელი კონფლიქტი გვაქვს, რომელიც ასევე პოტენციურად დესტაბილიზაციას იწვევს რეგიონში. ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ როდესაც კონფლიქტია, საჭიროა საუბარი. ომი კი უკანასკნელი არგუმენტია," - აცხადებს სერგეი შამბა.

დღის ამბები