19 ოქტომბერი 2026,   22:33
ვრცლად
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 47-ე მსოფლიო კონგრესი ჩინეთის ქალაქ ინჩუანში გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მონაწილეობა მიიღო კონგრესის და ასევე OIV-ის 24-ე გენერალური ასამბლეის მუშაობაში, რომელიც კონგრესის პარალელურად გაიმართა.

კონგრესის მთავარი თემა იყო გლობალური მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის ახალი განვითარების მოდელების ჩამოყალიბება, გამოწვევებთან ადაპტაცია, ინოვაციების დანერგვა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. კონგრესს 47 ქვეყნის 600-მდე მონაწილე დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას 2027 წელს OIV-ის კონგრესის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველომ 2025 წელს ოფიციალურად წარადგინა განაცხადი, 2027 წელს OIV-ის კონგრესის მასპინძლობაზე, რაზედაც ორგანიზაციის სრული მხარდაჭერა მიიღო.
"OIV მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა. კონგრესის მასპინძლობით, კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი საქართველოს როლს მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების 8-ათასწლიან ისტორიასა და თანამედროვე ღვინის ინდუსტრიაში.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მასშტაბური ღონისძიების საქართველოში ჩატარება, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანაში ხარისხზე ორიენტირებული რეფორმების მიმდინარეობას" - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

აღსანიშნავია, რომ OIV-ის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს საქართველომ ორჯერ უმასპინძლა - 1962 წელს, 33-ე საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს, OIV-ს მე-8 გენერალურ ასამბლეას.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც 51 ქვეყანა, მათ შორის საქართველოა გაწევრიანებული. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს წევრ ქვეყნებში ღვინის წარმოების და მეღვინეობის პრაქტიკის, მევენახეობის, კვების მრეწველობისთვის ყურძნის გადამუშავების შესახებ რეკომენდაციების ფორმულირებას და სხვა საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას, ღვინის დარგში საერთაშორისო სტანდარტების შექმნასა და დაცვას.

დღის ამბები