ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ახალ წერილს ავრცელებს, სადაც იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლითაც "დიფ სთეითი" სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარ აგენტურასა და იდეოლოგიას ავრცელებს.
ფილოსოფოსის თქმით, ამის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლები და მისი დღევანდელი მდგომარეობა.
შათირიშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი, რომელმაც 2008 წელს დამარცხებული ომი იზეიმა, დღესაც ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს რუსეთი "სასტიკად დაამარცხა".
ფილოსოფოსის შეფასებით, პატრონებისგან მიტოვებული ყოფილი დიქტატორი დამოუკიდებლად მოქმედებას ვერ ახერხებს, 20 წლის წინანდელ ლოზუნგებს იმეორებს და სასამართლო პროცესებზე საკუთარი "ავატარის" შექმნაზე საუბრით უფრო და უფრო კომიკური ხდება.
"ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა" - ეს ლოზუნგი ჯორჯ ორველისეულ "ორაზროვნების" ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც სამი ტოტალიტარული სახელმწიფოდან ერთ-ერთის, "ოკეანიის" მთავრობა და მმართველი პარტია საზოგადოების მართვისთვის იყენებს. აღნიშნული პრინციპი აიძულებს ადამიანებს დაიჯერონ ერთი შეხედვით, ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ისე, რომ ეჭვიც არ გაუჩნდეთ.
ბუნებრივია, რომ ამგვარ სამყაროში ასეთი გარემოს შესაქმნელად კონკრეტული მექანიზმებიც არსებობს, რომელიც მუდმივ პროპაგანდასა და წარსულის ყოველდღიურ გადაწერაში აისახება, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. "ოკეანიაში" "აზრის პოლიცია" ადამიანებს არასწორი ფიქრებისა და სახელმწიფოს მიერ ჭეშმარიტებად გამოცხადებული ნარატივის შესახებ ოდნავი ეჭვის გაჩენისთვისაც კი სჯის. საბოლოოდ პარტია საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტზე ტოტალურ კონტროლს აწესებს და ასე, ამ არაადამიანური ფორმით ინარჩუნებს აბსოლუტურ ძალაუფლებას.
კიდევ ერთი დისტოპიური რომანი ოლდოს ჰაქსლის "საოცარი ახალი სამყარო", რომელიც ასევე ტოტალიტარულ სამყაროზე გვიყვება, რომელშიც ადამიანები ინკუბატორებში იბადებიან და დაბადებისთანავე კონკრეტული კასტის წარმომადგენლები ხდებიან. აკრძალულია ემოციები, მონოგამიური ურთიერთობები, ოჯახის შექმნაზე ფიქრი და სიყვარული დრომოჭმულ მოვლენად, ერთგვარ ჩამორჩენილობად ითვლება და სხვებისგან გარიყვას განაპირობებს. ამგვარ მოცემულობაში, სადაც მეცნიერება და ტექნოლოგიები ტოტალური კონტროლის საშუალებებად იქცა, მთავარი ღირებულება მუდმივი გართობა და ზედაპირული სიამოვნების მიღებაა, ყველაფერი ყველას ეკუთვნის, ინდივიდუალიზმი ქრება, სტრესის გასამკლავებლად კი სახელმწიფოს მიერ ლეგალურად დაშვებული ნარკოტიკული საშუალება გამოიყენება, რომელიც სევდას აქრობს და ხელოვნურად ბედნიერების ილუზიას ქმნის.
"1984"-სა და "საოცარ ახალ სამყაროზე" საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მით უმეტეს, რომ ორივე მათგანი ერთგვარ გაფრთხილებად და წინასწარმეტყველებად ითვლება, თუ საით შეიძლება განვითარდეს კაცობრიობის მომავალი. ორივე მათგანში აღწერილია საზოგადოება, სადაც ინდივიდუალიზმი, ფაქტობრივად განადგურებულია, წაშლილია წარსული და ისტორია, მართვის სადავეების შენარჩუნებისთვის მიმდინარეობს ტოტალური კონტროლი, აზროვნება კი შეზღუდულია. ამის მიუხედავად, მკაფიოდ ჩანს კონკრეტული განმასხვავებლებიც. მაგალითად, თუ ერთ შემთხვევაში კონტროლის მექანიზმად გართობა და სიამოვნება გამოიყენება, ორუელი ისეთ მოცემულობას აღწერს, სადაც სისტემა ადამიანებს შიშით და ძალადობით მართავს. “საოცარ ახალ სამყაროში” სიმართლეს, რომელიც არავის აინტერესებს, არავინ მალავს, თუმცა ის კარგად არის ჩამარხული უსარგებლო ინფორმაციის მიღმა, “1984”-ში კი ყველანაირი ინფორმაცია მკაცრ ცენზურას ექვემდებარება. ამის გარდა ორუელისეულ რეალობაში სახელმწიფო მუდმივად ნეგატიურ ემოციებს - შიშს, ზიზღსა და სიძულვილს ნერგავს, ბავშვებს ჯაშუშებად ზრდის და საკუთარი მშობლების დაბეზღებას ასწავლის, ჰაქსლისეულ დისტოპიაში კი, ძლიერი ემოციები, ფაქტობრივად, აკრძალულია, მოსახლეობა ხელოვნურად შექმნილ კმაყოფილებას განიცდის, ოჯახური ურთიერთობები კი აღარ არსებობს, ბავშვები ლაბორატორიებში იბადებიან, მშობლის ცნება კი წარსულის სამარცხვინო მხარედ მიიჩნევა.
რამდენად ახდა ამ ორი წიგნის გამოცემიდან ათწლეულების შემდეგ მათი ავტორების გაფრთხილება, ამაზე გადაჭრით საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა, კონკრეტული ელემენტები და კომპონენტები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, დღეს აშკარად იკვეთება იმ გლობალური ოლიგარქიული ძალების მეთოდებში, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მმართველებზე პირდაპირი გავლენით სარგებლობენ. ფაქტობრივად, თავად მართავენ საერთაშორისო მედიასივრცეს და ხელი უდიდეს ეკონომიკურ რესურსებზე მიუწვდებათ. დღევანდელ ე.წ. დასავლურ “მეინსტრიმულ” მედიას თუ დავუკვირდებით, მარტივი დასანახია, რომ ცენზურას ექვემდებარება კონსერვატიული, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაზე ორიენტირებული მოსაზრება, პარალელურად კი უამრავი უსარგებლო ინფორმაციის მიღმა, მართლაც შინაარსობრივი საკითხები ისეა მიჩქმალული, რომ, რაც შეიძლება ცოტა ადამიანის აზრი მიიპყროს. ამავდროულად, მუდმივად თვალს ვადევნებთ “ფსევდოლიბერალური” იდეოლოგიისა და გაუკუღმართებული ღირებულებების თავს მოხვევის გამუდმებულ მცდელობას, მედიაში წახალისებული ისეთი მოსაზრებები, რომელიც თავისუფალი ურთიერთობების დადებით მხარეებსა და ოჯახური ღირებულებების დაკნინებისკენ არის მიმართული, პარალელურად კი, კონკრეტული, ხელოვნურად ბედნიერების გამომწვევი სუბსტანციების გავრცელება უკონტროლო ხდება. რამდენიც უნდა ვისაუბროთ, რომ სახელმწიფოები, მცირე გამონაკლისების გარდა, მათ ლეგალიზაციაზე უარს აცხადებენ.
დღევანდელ დასავლურ სამყაროში, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპაში, არ არსებობს დიდი ქალაქი, სადაც, სურვილის ქონის შემთხვევაში, ადამიანი არალეგალური ნივთიერების შეძენას ვერ მოახერხებს. ამ ყველაფრის მიზანი კი ღირებულებებისგან დაცლილი, ზედაპირული სიამოვნების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული ერთგვაროვანი მასის ჩამოყალიბებაა, რომელიც უსიტყვო მორჩილებაში მყოფი, ყველაზე მარტივი საკონტროლებელი იქნება, პარალელურად კი შეასრულებს ყველაფერს, რასაც მმართველი ელიტა გადაწყვეტს.
იმის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს „დიფ სთეითის“ მეთოდები და რა მექანიზმებით ავრცელებენ სხვადასხვა ქვეყანაში კონკრეტულ იდეოლოგიას, საქართველოში მათი სტაჟიანი აგენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებია. ბუნებრივია, იმისთვის, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაზე, ომის რიტორიკის გამძაფრებასა და საკუთარი ხალხისთვის საფრთხის განზრახ ზრდაზე თანახმა იყოს, ამა თუ იმ აგენტს, შესაბამისი ფსიქიკური მდგომარეობაც უნდა გააჩნდეს, რისთვისაც სააკაშვილი იდეალური კანდიდატი აღმოჩნდა. იმის გარდა, რას აკეთებდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როგორ ცდილობდა „ახალი ქართველის“ შექმნას, არ უნდა დავივიწყოთ, რომ 2008 წელს, რუსთაველზე დამარცხებული ომი იზეიმა, საზოგადოებას კი უმტკიცებდა, რომ ტერიტორიების მხოლოდ 20 პროცენტის ოკუპაცია და უპირობო გამარჯვებას ნიშნავდა. ბუნებრივია, იმ პერიოდში, ქართველმა ხალხმა მისი ნარატივი არ დაიჯერა, თუმცა, მის მოღალატეობრივ განცხადებებს არც საპირისპირო რეზონანსი გამოუწვევია, რადგანაც ომის შემდეგ საზოგადოება საკმაოდ რთულ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, პარალელურად კი არ არსებობდა დამოუკიდებელი მაუწყებელი, რომელშიც ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირების საშუალებას ვინმეს ღიად მისცემდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „პაციენტი“ სააკაშვილი დღესაც დაბეჯითებით ამტკიცებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რომ რუსეთი 2008 წელს „სასტიკად დაამარცხა“, თუმცა 2008 წლისგან განსხვავებით, ამჯერად ეს ბოდვა საზოგადოებისთვის სწორედ მისი გონებრივი და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებისთვისღა თუ გამოდგება.
კიდევ ერთი მოცემულობა, რომელიც სააკაშვილის რეალურ გონებრივ შესაძლებლობებზე მეტყველებს, მისი დღევანდელი პოზიციები და იმავეს მტკიცებაა, რაზეც 2008 წელს საუბრობდა. ბუნებრივია, იმ გლობალური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და კონკრეტულ იდეოლოგიებსა თუ ნარატივებს ქმნიან, შემდეგ კი სააკაშვილის მსგავს აგენტებს დავალებას აძლევენ, საკმაოდ დიდი გავლენის, გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ადამიანები არიან, შესაბამისად, მათ ზუსტად იციან, რომ დღესდღეობით რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაზე საუბარი, მით უმეტეს, რომ ქართველი ხალხისთვის ყველაფერი უკვე დიდი ხანია ნათელია, უკუშედეგის მომტანია. როგორც ჩანს, ურესურსოდ დარჩენილი, როგორც ადგილობრივი, ისე სტრასბურგის სასამართლოს მიერ არაერთ დანაშაულში მხილებული ყოფილი დიქტატორი მისი პატრონებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს და დავალებებსაც აღარ იღებს, ის კი დამოუკიდებლად მოქმედებას ვერ ახერხებს და კვლავ 20 წლის წინანდელ ლოზუნგებს იმეორებს, რითაც უფრო და უფრო კომიკური ხდება. იქამდე მივიდა, რომ სასამართლოზე, ხან საკუთარი ავატარის შექმნაზე საუბრობს, ხან ქართულ, ხან კი უკრაინულ ჰიმნს მღერის. ხან სიკვდილი პირას არის, ხან სასწაულებრივად განიკურნება და ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას გვპირდება.
ღირებულებებისგან დაცლილი საზოგადოებების კიდევ უფრო დასუსტება მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების ზრდითა და გაღარიბებით არის შესაძლებელი, ამის მისაღწევად კი, საუკეთესო გზა ბოლო პერიოდში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომრავლებული ომებია, რომლებიც, ცხოვრებისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ფასის ზრდას ბუნებრივად იწვევს, რაც, დღესდღეობით, განსაკუთრებით დიდ პრობლემას ევროპას უქმნის. მეორე მხრივ, საკუთარი მოქალაქეებისთვის სხვა ქვეყნებში მიმდინარე ომზე მითითება და გამუდმებული პროპაგანდირება, რომ ომი კარზეა მომდგარი, დიფ სთეითის მორჩილ კონკრეტულ ლიდერებს, საზოგადოების აზრით მანიპულირებისთვის შესანიშნავ პირობებს უქმნის. საბოლოოდ, აქამდეც არაერთხელ მისაუბრია, რომ ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანი, ეკონომიკურად ჩამოშლილი, ომისაგან დაღლილი ევროპის ღიად დაქვემდებარება და კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, თუმცა, ამას არა ვალდებულებითი ხასიათი უნდა ჰქონდეს, არამედ უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად უნდა მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს.
ევროპის ეკონომიკურად ჩამოშლის ხელოვნური მცდელობა რუსეთ - უკრაინის თანმდევი პერიპეტიების მხოლოდ ერთ კომპონენტზე დაკვირვებითაც კარგად ჩანს. უკვე ნათელია, რომ რუსეთის აგრესიული თავდასხმებისა და უკრაინის ეკონომიკასა თუ ენერგოობიექტებზე დამანგრეველი თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელებმა რუსული ჯარის კონკრეტულ საბრძოლო ხაზთან შეჩერება შეძლეს, პარალელურად კი, თავადაც ახერხებენ მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში წერტილოვანი დარტყმები მიიტანონ. აღნიშნული თავდასხმები, პირველ რიგში, მიმართულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რაც, ბუნებრივია, “დიფ სთეითის” გეგმის შესაბამისად, ნავთობპროდუქტებს აძვირებს, თუმცა, ამ ფონზე, დასავლური სამყარო აბსურდამდე მისულ მედიამანიპულაციებში გადაეშვა. მაგალითად, დონალდ ტრამპი, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იცვლის პოზიციას, ერთ დღეს უკრაინას უჭერს მხარს, მეორე დღეს კი მასვე ადანაშაულებს ომის გაჭიანურებაში. მესამე დღეს აქცენტს რუსეთის სისასტიკეზე აკეთებს, შემდეგ კი საუბრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებაზეა ორიენტირებული. ამჯერად მან დაიწყო საუბარი, თითქოს, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებს აღარ დაბომბავენ, რუსეთი კი საკუთარ დიზელს საერთაშორისო მასშტაბით გაყიდის, რათა ფასები შემცირდეს, თუმცა, მისი განცხადებების მიუხედავად, ჯერ - ჯერობით არც თავდასხმები შეწყვეტილა და ფასების თვალსაზრისით, არც რაიმე დადებითი ეფექტი მოჩანს. ამ აბსურდამდე მისული მდგომარეობის ფონზე კი, იმ ქვეყნების საზოგადოებებს, რომლებიც დიფ სთეითის მორჩილი ტექნოკრატების მიერ იმართებიან, პარალელურად კი, მათივე დაქვემდებარებული მედიასაშუალებებისგან იღებენ ინფორმაციას, ჯანსაღი კრიტიკული პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობაც აღარ გააჩნია.
ბუნებრივია, საზოგადოების საკუთარი შეხედულებისამებრ მართვის მცდელობებისა და მათ მიერ კონტროლირებად მედიაში თეთრზე შავის მტკიცების მიღმა, “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან. ამ ფონზე კი, ნათლად იკვეთება მათთვის დამახასიათებელი უმთავრესი მეთოდი - მას, ვინც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილი არ არის, უნდა დააბრალონ სწორედ ის, რასაც თავად აკეთებენ და ეს, რომ ასეა, რამდენიმე კონკრეტული მაგალითის ფონზე შეგვიძლია უკეთ დავინახოთ.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, შემდეგ კი უკრაინაში წამოწყებული ომების ფონზე, რომელსაც “დიფ სთეითი” ხელს აქტიურად უწყობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილი, კონკრეტული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მმართველი რგოლის წარმომადგენლები, გამუდმებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან მომავალ ომის საფრთხეებზე საუბრობენ, რუსეთზე, როგორც ბოროტების მთავარ წყაროზე, ევროპისა და დასავლეთისთვის არსებით საფრთხეზე საუბრობენ, თუმცა ისინი უფრო შორს წავიდნენ და საკუთარ ნარატივში მკვეთრად რუსოფობიური ტერმინოლოგიაც გაურიეს, როდესაც აქცენტი არა დროის კონკრეტულ მონაკვეთში კონკრეტული ხელისუფლების ან სახელმწიფო მოწყობის ავკარგიანობაზეა გადატანილი, არამედ, რუსეთის მოსახლეობაზე, როგორც ზოგადად უარყოფით ხალხზე საუბრობენ და საკუთარ ნეგატიურ შეხედულებებს მთლიანად ერზე ავრცელებენ. ამ ფონზე, დღეს უკვე შეუიარაღებელი თავლითაც მარტივად შეგვიძლია დავინახოთ, რომ “დიფ სთეითის” იდეოლოგებმა მანიპულირების მარტივ მექანიზმს მიაგნებს - ჯერ, წლების განმავლობაში, დაბრენდეს ტერმინები “რუსული” და “რუსეთის ინტერესების გამტარებელი”, და, დაუკავშირეს ყველაფერს, რაც უარყოფით კონტექსტში შეიძლება იქნას აღქმული. დღეს კი, სწორედ აღნიშნული ცნებების ქვეშ აერთიანებენ ყველას, ვინც მათ უპირობო მორჩილებაში არ იმყოფება. აქვე აღსანიშნავია, რომ თუკი დღეს რუსეთისგან იხატება მსოფლიოს უმთავრესი საფრთხის ხატი, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ეს სტატუსი სხვამ გადაიბაროს, მთავარია, არსებობდეს ჰიპოთეზური საშიშროება, რომლის მსახურებასაც დააბრალებენ იმას, ვინც “დიფ სტეითს” არ ემორჩილება, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირებულებით საკითხებზე ზრუნავს.
მაგალითად, ისინი ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი, ხოლო თუკი ვინმე ამაზე უარს ამბობს და სანაცვლოდ ეროვნული სუვერენიტეტის, ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე თუ საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, მაშინვე “რუსული ინტერესების გამტარის” იარლიყს აკერებენ. სხვათა შორის, საინტერესოა, ამგვარი საჯარო კომუნიკაციის მიუხედავად, ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო დიდი ეჭვი ჩნდება, რომ რუსეთში მოქმედი კონკრეტული გავლენიანი ძალები, არაფორმალურ ოლიგარქიულ გლობალურ ძალებთან კოორდინაციით მოქმედებენ, რასაც, ჩემს დღევანდელ წერილში, სიღრმისეულად არ განვიხილავ, თუმცა, თუკი სამომავლოდ ამის საჭიროება იქნება, დეტალურად განვმარტავ, რა მაძლევს ამგვარი ეჭვების გაღვივების საფუძველს.
რუსეთზე აქცენტირებისა და მასთან დაკავშირებული იარლიყების მიწებების მცდელობის საუკეთესო მაგალითი საქართველოა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციიდან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულებები არსებობს, “დიფ სთეითისა” და მათი მორჩილი ადგილობრივი აგენტურისთვის კი რუსეთზე აპელირება ხშირად გარკვეული შედეგის მომტანია. სწორედ ამიტომ, ევრობიუროკრატები, ანგაჟირებული პოლიტიკოსები და ადგილობრივი აგენტები გამუდმებით ცდილობენ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” “რუსული ინტერესების გატარებაში” დასდონ ბრალი. ჩვენ გვახსოვს ისტერია “რუსულ კანონზე”, რომელიც საბოლოოდ ამერიკული გამოდგა და, რომელიც, სინამდვილეში იმ უკონტროლო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად, საქართველოში დესტაბილიზაციისა და არეულობის ხელშეწყობისთვის, კეთილი მიზნების საფარქვეშ რომ იხარჯებოდა. ხოლო ეს, რომ სიმართლეა, ამაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის აღიარებები, “USAID” - ის დახურვა და ევროპული ფონდების არაკეთილსინდისიერი ქცევაც მეტყველებს.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, კრიტიკოსები გამუდმებით მის რუსულ კავშირებზე და წარსულში ბიზნესსაქმიანობაზე საუბრობენ, თუმცა, მყვირალა ლოზუნგების მიღმა, ვერც ერთი მათგანი ასახელებს, განვლილი 14 წლის განმავლობაში რა სარგებელი მიიღო რუსეთმა საქართველოსგან, რამაც ჩვენი ქვეყანა დააზიანა. მეტიც, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პრაგმატული, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკა რევიზიას არ ექვემდებარება, პარალელურად კი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება, ტრანსნაციონალური პროექტების საბოლოოდ განხორციელების თვალსაზრისით კი საქართველოს მნიშვნელობა წლიდან წლამდე იზრდება.
ამ ფონზე, თუკი პროპაგანდისტული გზავნილების მიღმა დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, ქვეყანა ათწლეულების წინ დატოვა, საკუთარი კაპიტალი საქართველოში გადმოიტანა და მილიარდობით დოლარი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა თუ ქველმოქმედებაში დააბანდა. ამ ფონზე, გასაკვირია, როგორ შეიძლება ერთი ქვეყნიდან საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის გადინება და სხვა სახელმწიფოში გადატანა, იმ სახელმწიფოს ინტერესების მსახურება იყოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა? მაგალითად, მამუკა ხაზარაძემ, ან გია ჯოხთაბერიძემ საკუთარი კაპიტალი საქართველოში, ქართველი ხალხის მიერ მიღებული თანხით დააგროვეს, ხოლო შემდეგ ეს კაპიტალი სხვა სახელმწიფოს ეკონომიკაში ინვესტიციის სახით დააბანდეს - ეს ყველაფერი როგორ შეიძლება ქართული ინტერესების მსახურებად მოინათლოს? ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, უფრო ლოგიკური იქნება, თუკი საქართველოს ინტერესების დაზიანებასა და კონკრეტული „იქს“ სახელმწიფოს მსახურებაზე გაკეთდეს აქცენტი.
ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს. ადგილობრივი რადიკალი აგენტები და მათი პატრონები გამუდმებით საუბრობენ, თითქოს, დღევანდელმა ხელისუფლებამ სასამართლო მიიტაცა და დაიქვემდებარა, მაშინ, როდესაც ვხედავთ, „ვეტინგის“ საშუალებით სხვადასხვა სახელმწიფოებში როგორ დააკომპლექტეს სასამართლოები „დიფ სთეითის“ შეხედულებების გამტარებელი იურისტებით. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრებას, როდესაც თავად, ფაქტობრივად, მთელი ევროპა, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებში შეღწევისა თუ ევროკავშირის ბიუროკრატების საშუალებით, ფაქტობრივად, მთელ ევროპას ოლიგარქიული ლოგიკით მართავენ. საინტერესოა, რომ ისინი გამუდმებით საუბრობენ ხალხის ნების უგულებელყოფაზე, თუმცა, არა არჩეული, არამედ დანიშნული ბიუროკრატების საშუალებით, პრაქტიკაში ახორციელებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროპული ქვეყნების მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. რაც მთავარია, დღეს უკვე ნულოვანი რეიტინგის მქონე საკუთარ აგენტურას გამუდმებით ალაპარაკებენ, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მიიტაცა და კენჭისყრაში მონაწილეობას აზრი არ აქვს, მაშინ, როდესაც „დიფ სთეითისთვის“ მიუღებელი ძალის გამარჯვების შემდეგ, რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგი, რუსული ჩარევის სასაცილო ბრალდებით გააუქმა.
ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაში, არათუ რეალური არჩევნები იმართება, არამედ არჩევნების ილუზიაა შექმნილი, როდესაც ერთი შეხედვით განსხვავებული იდეოლოგიის და პროგრამების მქონე პარტიები, სინამდვილეში, ტექნოკრატი, ოლიგარქიული გავლენების მორჩილი პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული. სწორედ ამის შედეგია, რომ გამუდმებით იცვლებიან პრემიერ - მინისტრები, იშლებიან და ერთიანდებიან კოალიციები, ქვეყნების სათავეში იცვლებიან პარტიები, თუმცა, უკეთესობისკენ არაფერი იცვლება, რადგანაც, თითოეული მათგანია რა საკუთარ მოსახლეობას, არამედ გლობალურ გავლენიან ძალებს ემსახურებიან.
კიდევ ერთხელ განვმეორდები - „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი ევროპის ეკონომიკურად ჩამოშლა, მისი ომში რაიმე ფორმით ჩათრევა, შემდეგ გლობალური კორპორაციების საშუალებით კონტინენტის „გადარჩენა“, ამის შემდეგ ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირ, საზოგადოების მოთხოვნით დამკვიდრება, ამ პროცესში კი ინსტრუმენტად კორპორაციული ლოგიკის გამოყენებაა. ასეთ პირობებში კი მათ სჭირდებათ, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო, ორგანიზაცია და ხელისუფლება დაიქვემდებარონ. ხოლო თუკი ვინმე გაბედავს, მათ წინააღმდეგობას გაუწევს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს, მაშინვე რომელიმე იმ ქვეყნის აგენტის იარლიყს მიაწებებენ, რომელიც საჯარო კომუნიკაციაში, „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყნების მტრად აღიქმება და ნებისმიერ მანკიერებას, რასაც პოლიტიკურ პროცესში შეიძლება ჰქონდეს ადგილი, აღნიშნული სახელმწიფოს ექსკლუზივად გამოაცხადებენ, პარალელურად კი დააბრალებენ ყველაფერს, რასაც თავად სჩადიან", - წერს ზაზა შათირიშვილი.