დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ინტეგრირებული სისტემა დაინერგება. - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განახლებული 300 მიკროავტობუსი უკვე ჩართულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ, მოდერნიზებულ ქსელში, თუმცა მუნიციპალიტეტი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
"მიმდინარე წელს ჩვენ უკვე დავიწყეთ ინტეგრირებული სისტემის მართვა,
ვინაიდან, როგორც იცით, თბილისის მერიამ უკვე მოახერხა 300 ერთეული
მიკროავტობუსის განახლება. ჩვენ რომ დავუკვეთეთ ფრანგულ კომპანიას
მოდერნიზებული, ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, ეს 300
ერთეული მიკროავტობუსი ჩვენს მომხმარებლებს, ზუსტად ახალი ქსელის
მეშვეობით ემსახურება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, მომხმარებელი ინტეგრირებული სისტემის შემთხვევაში,
საათნახევრის განმავლობაში, ერთი გადახდით იმგზავრებს.
"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი გეგმები აქ არ სრულდება, მომდევნო წელს
მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ამ 300 ერთეულზე არ გავჩერდეთ. როგორც
თბილისის მერმა განაცხადა, ახალი მიკროავტობუსების ეს რაოდენობა უნდა
გაიზარდოს. რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ქსელი აწყობილია ინტეგრირების
პრინციპით, გადასახადიც ინტეგრირებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს
მგზავრი მიკროავტობუსსა და ავტობუსში მგზავრობის შემთხვევაში, ორ გადახდას
აწარმოებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ, ერთი გადახდა იქნება საჭირო, თუ
გადაჯდომა საათნახევრის განმავლობაში მოხდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის საკრებულო მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს
განიხილავს, რომელიც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. გარდა ამისა,
დედაქალაქის საკრებულო იმსჯელებს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების
შეტანის შესახებ.