რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრს, "ქართული ოცნებიდან" 31-მა დელეგატმა მისცა ხმა.
10 ხმა მიიღო გოჩა სვანიძემ. შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს მესამე კანდიდატი ბაჩო ხურციძე.
"გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ, მორაგბეებმა და მე იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ყველასთან და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მზად ვარ ყველასთან თანამშრომლობისთვის. აქ არის ერთიანობა, ერთიანობა, თუ არ შევინარჩუნეთ და არ გავაგრძელეთ ერთად მუშაობა, ქართული რაგბი დაზარალდება პირველ რიგში და არა რომელიმე პერსონა," - ამბობს ირაკლი აბუსერიძე.
"კარგია, რომ არჩვნები შედგა და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ცუდია, რომ კრებას არ დაესწრო რიგი კლუბებისა, ზოგი თავისი სურვილით, ზოგიც თავისი სურვილისგან დამოუკიდებლად, როგორც გავიგე. დღეს რაგბის ავტონომია ისევ დგას საფრთხის წინაშე და ირაკლი აბუსერიძეს მოუწევს მომდევნო პერიოდში ამ ტვირთის ტარება. მე ყველასთან თანამშრომლობისთვის მომხრე ვარ და გული მტკივა, რომ დღეს ბაჩო ხურციძე ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა,"- აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.
"დღეს დაპირისპირების ეტაპი დასრულდა. ბაჩო ხურციძეს აქვს უფლება თავისი პრეტენზიები წარადგინოს და ამაზე შემდეგ უკვე კანონი იმსჯელებს, თუ რამე შეგვეშალა, რამე არასწორად ჩატარდა,"-აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გოჩა მაჭავარიანი.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.
"რომ ჩატარებულიყო ლეგიტიმური არჩევნები, ბაჩო ხურციძეს მხარს უჭერდა 23 ნამდვილი წევრი და ჰქონდა 40 ხმა, დანარჩენი 19 წევრი მხარს უჭერდნენ ბატონ აბუსერიძეს და ბატონ სვანიძეს. შესაბამისად აბუსერიძე აიღებდა 31, ხოლო სვანიძე 10 ხმას, შესაბამისად იმარჯვებდა ბაჩო ხურციძე. არ მივედი, იმიტომ, რომ არ იყო ლეგიტიმური არჩევნები. შესაბამისად ახლა მე დავიწყებ სამართლებრივ დავას, ახლა ველაპარაკები იურისტებს,"- აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბაჩო ხურციძე.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი