17 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
რას მოიცავს "ქართულ ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის გაფორმებული მემორანდუმი

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ. გადაწვეტილება "მოქალაქეებმა" "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. დღეს შედგა შეთანხმება, რომ ხელი მოეწერება დოკუმენტს, სადაც "ქართული ოცნება" საარჩევნო რეფორმის გატარების ვალდებულებას იღებს. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, შეთანხმების თანახმად, პირველ მარტამდე უნდა მოხდეს.

მემორანდუმი რამდენიმე პუნქტს მოიცავს:

"ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, მიზნად ვისახავთ რა უზრუნველვყოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების ჯეროვანი და სტაბილური განვითარება, ვთანხმდებით ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე შემდეგი პუნქტების შესაბამისად:

– 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება ხუთპროცენტიანზე დაბალი, არაუმეტეს სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ბარიერი დაზუსტდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფარგლებში. ამავე განხილვების ფარგლებში, პოლიტიკური პარტიები იმსჯელებენ დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ან მუდმივად ამოქმედების საკითხზეც;

–  საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება საარჩევნო ბარიერის შესაბამისად. მიმდინარე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციის შექმნის უფლება მიენიჭება არანაკლებ პარლამენტის ოთხ წევრს;

–  თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველა შემდეგი საკრებულოს არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ადგილობრივ თავისებურებათა შესაბამისად, იმგვარად, რომ თანაფარდობა პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის იყოს არანაკლებ ორი ერთზე პროპორციული სისტემის სასარგებლოდ. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი იქნება 2,5 პროცენტი, ხოლო სხვა საკრებულოების არჩევნებისთვის – არაუმეტეს 3,2 პროცენტისა;

–  განხორციელდება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება, სრული პროფესიონალიზაცია და ოპტიმიზაცია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად:

ცესკო-ს შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული არანაკლებ შვიდი და არაუმეტეს 11 წევრით. ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი იმ პირთაგან, რომლებსაც შეარჩევს პრეზიდენტთან შექმნილი, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან შემდგარი სპეციალური კომისია. ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, დანიშნავს თითო წარმომადგენელს ცესკო-ში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მიიღებენ მონაწილეობას ცესკოს სხდომებში. პარტიების წარმომადგენლები ისარგებლებენ ცესკო-ს წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის შესაბამისი შრომის ანაზღაურებით;

საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება ცესკოს მიერ პროფესიული ნიშნით არჩეული ხუთი წევრით. კომისიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან ცესკო-სთან შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შევლენ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, საარჩევნო პერიოდში დანიშნავს თითო წარმომადგენელს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ კომისიის მუშაობაში. პარტიების წარმომადგენლები ისარგებლებენ კომისიის წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის შესაბამისი შრომის ანაზღაურებით;

საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული წევრებით (ექვსი წევრი პლუს თითო რეგისტრატორი წევრი ყოველ 300 ამომრჩეველზე). კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევის ზედამხედველობას განახორციელებს ცესკო-სთან შექმნილი სპეციალური კომისია (იხ. ზემოთ). ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, საარჩევნო პერიოდში დანიშნავს თითო წარმომადგენელს ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლებიც ისარგებლებენ კომისიის წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის შესაბამისი შრომის ანაზღაურებით.

– პარტიებს ექნებათ უფლება, ჩაანაცვლონ საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლები არჩევნებამდე ნებისმიერ დროს, გარდა არჩევნების დღისა;

– საარჩევნო კომისიიდან პარტიის წარმომადგენლის გაძევება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი კომისიის წევრთა ორი მესამედის გადაწყვეტილებით;

– ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება და აღსრულდება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. საჯარო მოსამსახურეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სკოლებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს/აღმზრდელებს აეკრძალებათ სამუშაო საათებში პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აიკრძალება საჯარო მოსამსახურეებისა და მათთან გათანაბრებული პირების შეკრება სამსახურებრივი ნიშნით;

–  კანონით აიკრძალება მოქალაქეთა შეკრება და დაყოვნება საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე არჩევნების დღეს ამომრჩევლის აღრიცხვა. დადგინდება მკაცრი სანქციები აღნიშნული კანონდარღვევის ჩამდენთა წინააღმდეგ;

–  საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად განსაზღვრული მოცულობითა და განსაზღვრულ ვადებში, არჩევნებისთვის დაინერგება ახალი ტექნოლოგიები:

დაინერგება ხმის მიცემა ელექტრონული აპარატის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩევლის მიერ შევსებული საარჩევნო ბიულეტენის სკანირებასა და ამოცნობას. უბნებზე ხმის მიცემის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულად წაკითხვადი ფორმით, რაც შესაძლებელს გახდის უმოკლეს დროში ამ შედეგების (მათ შორის რეგისტრირებული ამომრჩევლების, ბიულეტენების რაოდენობის, ბათილი ბიულეტენების შესახებ მონაცემების) გადამოწმებასა და დეტალურ ანალიზს;

უზრუნველყოფილი იქნება ამომრჩევლის რეგისტრაცია თითის ანაბეჭდის მეშვეობით;

საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო უბნების ვიდეოკამერებით აღჭურვა და ყველა საარჩევნო პროცედურის ლაივსტრიმით გადაცემა;

რამდენადაც ტექნიკურად შესაძლებელი და თავსებადი იქნება ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ სხვა ტექნოლოგიებთან, საარჩევნო ბიულეტენებზე მოხდება შტრიხკოდების (RFID-სტიკერები) განთავსება, რათა გამოირიცხოს საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა. ბიულეტენის გატანა დაისჯება სისხლის სამართლის წესით;

– ხმის მიცემა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ახალი ID-ბარათის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოყენებით. მოქალაქეთათვის, რომლებიც არ ფლობენ ახალ ID-ბარათს, იგი უფასოდ გაიცემა;

– აიკრძალება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება საარჩევნო ბიულეტენის ფოტო და ვიდეოგადაღება;

– კანონმდებლობაში გაიწერება გარანტიები, რათა ნებისმიერი უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო უბნების სულ მცირე 10 პროცენტის გადათვლა;

– განიხილება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაფართოების მექანიზმები;

–  ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა. ცესკოსთან შეიქმნება სპეციალური კომისია დამოუკიდებელი ექსპერტების, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა შემადგენლობით, რომელიც დააკვირდება დავების განხილვის პროცესს და რეკომენდაციებს წარუდგენს ცესკო-ს.

ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად, საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი საპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება არა უგვიანეს 2021 წლის პირველი მარტისა, ხოლო კანონპროექტები პარლამენტის მიერ მიიღება 2021 წლის პირველ მაისამდე.

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები საჯაროდ აცხადებენ, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო მუშაობაში, უზრუნველყოფენ და ხელს შეუწყობენ პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებასა და მიღებას," - აღნიშნულია მემორანდუმში.

დღის ამბები