პარლამენტის წინ აქცია გრძელდება. ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტებმა კარვები გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და ორგანიზატორებს კონსტრუქციების დაშლისკენ მოუწოდეს. ჯერჯერობით, მოთხოვნა არ შესრულებულა, ამ წუთებში, ადგილზე ათამდე კარავია გაშლილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირი, სადაც კარვები დგას, პოლიტიკური ცენტრი იქნება.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დღეს, წნეხი არის იმის ერთადერთი იარაღი, რომ ხელისუფლება კრიზისის განმუხტვაზე სერიოზულად დაფიქრდეს.
"წნეხი დარჩა ერთადერთი იარაღი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლება ვაიძულოთ რომ სერიოზულად დაფიქრდეს კრიზისის განმუხტვაზე. აქამდე ხელისუფლება მხოლოდ ვაჭრობაზე, მუქარაზე და შანტაჟზეა გადასული. აქ პროტესტის კერა მუდმივად იქნება," - აცხადებს პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.
დღევანდელ შეკრებას ნინო ბურჯანაძემ "გამაფრთხილებელი აქცია" უწოდა.
აქციაზე "ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
"ღირსეული ქართული საზოგადოება დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მიიყვანს. სანამ არ დაახვევენ ხელისუფლებიდან და არ გამოაცხადებენ ახალი არჩევნების რიცხვს და არ გამოუშვებენ პოლიტპატიმრებს, ჩვენ აქ ვიდგებით და არ დავიშლებით," - ამბობს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.