27 აპრილი 2024,   04:30
ვრცლად
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მთელი დღე არწმუნა ოპოზიცია, გადასულიყვნენ კონსტრუქციულ რეჟიმში, მივიღეთ პროვოკაციები პარლამენტთან - მამუკა მდინარაძე 

შენობის პიკეტირების მიუხედავად პარლამენტში პლენარული სხდომა ამ წუთებში იწყება. დეპუტატები უკვე სხდომათა დარბაზში იკრიბებიან. დღევანდელი სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, თუმცა იქამდე მიმდინარე პროცესებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრებმა სხდომის დაწყებამდე ისაუბრეს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დღევანდელი პიკეტირების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან პირობის დარღვევის პრეცედენტია, რაც მისივე თქმით, მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს.

"პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი. ეს მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას ერთის მხრიდან.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მთელი დღე არწმუნა ქართული ოპოზიცია და მისი რადიკალური ნაწილი, რომ უნდა გადასულიყვნენ კონსტრუქციულ რეჟიმში, ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ პროვოკაციების მცდელობა საქართველოს პარლამენტთან, აქციები, რაც კონტროპროდუქტიულია როგორც წესი მოლაპარაკების პროცესში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქციაზე 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან მობილიზებულ აქციაზე აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას ცდილობდნენ, პოლიცია კი მათ სამანქანო სივრცის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას და მცირე შეხლა-შემოხლას.

დღის ამბები