27 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო რეფორმა ერთიან კონტექსტში უნდა იქნეს განხილული - ლევან ბეჟაშვილი

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს. პარტია "მოქალაქეებთან" გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

დოკუმენტის განხილვა უკვე უახლოეს ბიუროს სხდომაზე გატანის შემდეგ, კომიტეტებში დაიწყება. საკანონმდებლო ცვლილებები 13 პუნქტს მოიცავს. მათგან ერთი ამ დრომდე ღია რჩება, რომელიც ბარიერის დაწევის საკითხს უკავშირდება. მას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება, რომელსაც პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო ცვლილებები მნიშვნელოვანია, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ზოგადად საარჩევნო ცვლილებების განხილვა ვადამდელი არჩევნების გარეშე მათთვის მისაღები არ არის. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, პროექტში სრულად არ არის გათვალისწინებული საკითხები, რომლებსაც ოპოზიცია აყენებდა.

"ეს პროექტი არ ასახავს სრულად იმ საკითხებს, რომელსაც ოპოზიცია აყენებდა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი საარჩევნო კოდექსში გაყალბების პრევენციის თვალსაზრისით არ არის გათვალისწინებული ამ პროექტში. იმავდროულად, ჩვენი მოსაზრება არის, რომ არ მოხდეს საკითხების გაყოფა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო რეფორმა ერთიან კონტექსტში უნდა იქნეს განხილული და ამ საკითხების ცალ-ცალკე დაყოფა ბუნებრივია, შედის მხოლოდ "ქართული ოცნების" ინტერესში,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ შეთანხმება უნდა შედგეს ყველა პუნქტზე და არა ერთ რომელიმე საკითხზე.

"ამ ფორმატში რომ მონაწილეობას არ ვიღებთ, ფაქტია. ამის პარალელური ფორმატი აუცილებლად იქნება სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ბარიერის დაწევაზე მე ვემხრობი 2-3%-იან ბარიერს, თუმცა ნულოვან ბარიერს მე არ ვემხრობი. ამას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, ამისთვის შეთანხმებაა საჭირო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა მოგროვდეს. მაგრამ, შეთანხმება უნდა იყოს ყველა პუნქტზე და არა ერთ რომელიმე კონკრეტულ პუნქტზე მხოლოდ,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ბუნებრივი ბარიერის საკითხი იდო მოლაპარაკების მაგიდაზე, თუმცა ამ დროისთვის ეს პუნქტი უკანა პლანზეა გადაწეული. 

"ვამახვილებდით ყურადღებას, რომ უნდა ყოფილიყო ბუნებრივი ბარიერი და ფაქტობრივად, ეს იყო მოლაპარაკების მაგიდაზე. ეს პუნქტი საერთოდ ამოვარდნილია ამ მომენტში... ფაქტია, რომ არ წერია და გამოდის, რომ ოპოზიციამ უკან დაიხია ძალიან. შიშით ვუყურებ ამ ისტორიას, რომ არ გამოვიდეს ისე, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ისე რომ ის მთავარი მონაპოვარი, რაც იყო მოლაპარაკების მაგიდაზე, დაბალი ბარიერი და რომელიც თუ ცოტა ძალისხმევა იქნებოდა დახარჯული, ბუნებრივ ბარიერად გარდაიქმნებოდა, ეს მონაპოვარი შეიძლება იყოს დაკარგული,“ - განაცხადა  ალექსანდრე რაქვიაშვილმა

დღის ამბები