17 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ერთ მაგიდასთან სულ ორჯერ შევიკრიბეთ, დანარჩენი ნაწილი ერთმანეთს ვეჭორავებოდით - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროპელი პარტნიორებისგან ისეთ დოკუმენტს მიიღებდნენ, რომლისთვის ხელის არმოწერა შეუძლებელი იქნებოდა.

მისივე განცხადებით, ყველა იყო გაოცებული იმ ფორმით, რა ფორმითაც დასრულდა შეხვედრა კრისტიან დანიელსონთან.

"ეს იყო მესამე შეხვედრა. ჩვენ რაღაცნაირი მოლოდინი გვქონდა, მე მქონდა მოლოდინი შეიძლება ფუჭი, იმის გამო, რომ გამოუცდელი ვიყავი, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მოგვიტანდნენ ისეთ დოკუმენტს, რომელზეც საბოლოო ჯამში, შეუძლებელი იქნებოდა ხელის არმოწერა.

ყველა გაოცებული იყო იმ ფორმით, რა ფორმაშიც დასრულდა. სამწუხაროდ, უდიდესი ნაწილი ამ შეხვედრის ჩვენთვის ხომ დაფარული იყო იმიტომ, რომ ინდივიდუალური შეხვედრები მიდიოდა ელჩებთან. ერთ მაგიდასთან სულ ორჯერ შევიკრიბეთ.

როდესაც შევხვდით, შეხვედრის დასაწყისში, მეორედ, როდესაც შუა ნაწილში დოკუმენტი ჩამოგვიტანეს, რომელიც უნდა განგვეხილა და ბოლოს, როდესაც დაგვემშვიდობნენ.

დანარჩენი ნაწილი ჩვენ სოციალიზაციით ვიყავით დაკავებული, ერთმანეთს ვეჭორავებოდით უამრავ თემაზე. დიახ, „ნაციონალური მოძრაობაც“, ყველანი ერთად ვიყავით. მაგალითად, როდესაც მე წასული ვიყავი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ რჩებოდნენ ერთად.

ზუსტად ეგ ვიფიქრეთ დაახლოებით 7 საათის გასვლის შემდეგ, რომ იქნებ ეს იყო მიზანიც, რომ ჩვენ მარტო დავეტოვებინეთ ამ საერთო სივრცეში და ვცადეთ კიდეც დალაპარაკება მედიატორების გარეშე," - განაცხადა „დღის კურიერის“ ეთერში ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები