როგორია გირაოს თანხის გადარიცხვის პროცედურები - დეტალები ჟურნალისტებთან საიას თავმჯდომარემ განმარტა. ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაცია დაეხმარა ევროპელ მედიატორს იმაში, რომ თანხა ბიუჯეტამდე მისულიყო.
"შესაძლოა, ეს თანხა ჯერ არ იყოს ანგარიშზე ასახული, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ არცაა აუცილებელი ანგარიშზე თანხის ასახვა. ზოგადად, პირიქით ხდება ხოლმე, ჯერ შუამდგომლობა შედის გირაოსთან დაკავშირებით. დადასტურებულია ევროკავშირის მხრიდანაც და ჩვენ მიერაც, რომ თანხა უკვე გაგზავნილია და გადარიცხულია. ამ პირობებში, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პროკურატურა შუამდგომლობით წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება შეცვლასთან დაკავშირებით. შემდეგ, რა თქმა უნდა, ანგარიშზე თანხაც აისახება,"- ამბობს საიას ხელმძღვანელი.
ნიკა სიმონიშვილი ასევე ამბობს, რომ ნიკა მელია გათავისუფლების შემდეგ მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ შეძლოს და დაიწყოს პროცესებში მონაწილეობა, ამით კი ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიღებას შეძლებენ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა "დემოკრატიისთვის" გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.