უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის "ეროვნული გაერთიანების" ლიდერის და პრეზიდენტობის კანდიდატის, იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მარინ ლე პენმა პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიევს ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა TF1info სააგენტო AFP-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოთხშაბათს მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ 2027 წლის მაისში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას მხოლოდ ექვსი თვით გაუხანგრძლივებს, შემდეგ კი სრულად შეწყვეტს, რადგან საფრანგეთს საამისო რესურსი აღარ გააჩნია.
საპასუხოდ, ხუთშაბათს გამოცემა Financial Times-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „ქალბატონი ლე პენი გარკვეულ დეტალებში კარგად ვერ ერკვევა“. მისი თქმით, კიევთან თანამშრომლობით -განსაკუთრებით სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში - საფრანგეთი მხოლოდ მოგებული რჩება.
"ეს ცალმხრივი პროცესი არ არის, სანაცვლოდ ჩვენც გავცემთ. უკრაინული არმიის ტექნოლოგიური გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამ ტექნოლოგიებით, თანამშრომლობითა და ერთობლივი წარმოებით ფრანგული სამხედრო ინდუსტრია მხოლოდ იხეირებს“, - განმარტა უკრაინის ლიდერმა.
მაგალითად მან ფრანგულ-იტალიური საჰაერო თავდაცვის სისტემები (SAMP/T) და ფრანგულ-ბრიტანული შორი მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები (Scalp/Storm Shadow) მოიყვანა, რომლებიც უკრაინის ბრძოლის ველზე მიღებული გამოცდილების შედეგად მნიშვნელოვნად დაიხვეწა.
ზელენსკის შეფასებით, ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მომგებიანია: "ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს - უნდა ვიბრძოლოთ. თუმცა ევროპა ამით კიდევ უფრო მეტს იგებს, რადგან იღებს როგორც უსაფრთხოებას, ისე საბრძოლო გამოცდილებას".
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სრულმასშტაბიან ომამდე ევროპული ქვეყნები მილიარდებს ხარჯავდნენ ტანკებსა და ჯავშანტექნიკაზე, რომლებმაც ბოლო წლების საბრძოლო მოქმედებების ფონზე არაეფექტური გახდა. უკრაინის გამოცდილება კი პარტნიორებს აძლევს ცოდნას, რომელიც მათ შეიარაღებაზე მილიარდობით ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს, ხოლო გაღებული საფასური "ადამიანების სიცოცხლესთან შედარებით არც ისე მაღალია".
გერმანიის "კილის ინსტიტუტის" მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინას ჯამში 27 მილიარდი ევრო გამოუყო - აქედან 7,9 მილიარდი ევრო ორმხრივი დახმარების ფარგლებში, ხოლო 19 მილიარდი ევროკავშირის ფონდების მეშვეობით.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.