დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ეს ფაქტორი რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგის დროს დაადასტურა. მაკა ბოჭორიშვილი, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა. იგნასიო კასისი, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ეუთოს თავმჯდომარეობის გარდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შვეიცარია უკვე მრავალი წელია ასრულებს შუამავლის როლს. მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კვლავ აქტუალურია კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი გზების ძიება და ამისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტის გამოყენება
მომავალ წელს, საქართველო შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან 35 წლისთავია. შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას, საერთო მეგობრობისა და ნდობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს კი ორმხრივი პარტნიორობისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. პოლიტიკურთან ერთად, ხაზი გაესვა , ათწლეულების განმავლობაში ქვეყნებს შორის დამყარებულ ეკონომიკურ კავშირებს, რომელსაც სამომავლოდ განვითარების დიდი პოტენციალი გაჩნია. იგნასიო კასისმა, როგორც ეუთო მოქმედმა თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რაც განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებს.
საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დროს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურის წარდგენის საკითხს. ვიცე პრემიერის შეფასებით, ერთი მხრივ შეიძლება ეს ამბიციური განაცხადია, თუმცა ეუთოს თავმჯდომარეობისთვის საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
საქართველო-შვეიცარიას შორის შორის ორმხრივი ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დროს. იგნასიო კასისი ირაკლი კობახიძემ მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებსა და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა ეუთო-ს, როგორც დიალოგის, ნდობის აღდგენისა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ხელშეწყობის ინკლუზიური პლატფორმის, მნიშვნელობას.