დაახლოებით 1 წელია ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები აქციებს აანონსებენ. თარიღად სწორედ 23 ივნისს, გახელაძის დაბადების დღეს, ასახელებენ.
"23-ში უკვე ვიწყებთ მშვიდობიან მსვლელობას სამთავისის მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი ჩართულობა იქნება ჩვენი ოჯახის ზაზას გასათავისუფლებლად, ვფიქრობთ, რომ იქნებ ამან მაინც გამოიღოს შედეგი," - აღნიშნა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა.
ამასთან, როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა ბენზინის გადასხმაც კი სცადა.
"როცა ერგნეთში მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, მოვიდა და შემთხვევით ირმამ(რძალმა) დაინახა, რომ ნანას ხელში ეჭირა ხუთლიტრიანის თავსაფარი, რომ გადაესხა თავზე. კიოდა ირმა, მიშველეთო. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, მოხდებოდა, ალბათ, რაღაც კატასტროფული ამბავი," - აცხადებს ოჯახის ახლობელი.
გარდა ამისა, "კურიერთან" საუბრისას ზაზა გახელაძის მამა აცხადებს, რომ ის გადაკვეთს საზღვარს და მზად არის, რომ დააკავონ.
"ჩემს შვილს იქნება რაღაც ვუშველო ჩემი გადასვლით. დამაპატიმრებენ, დამხვერეტენ, თუ ჩამსვამენ, უკვე ამას აღარ ვფიქრობ. სადაც ჩემი შვილი გაატარებს იმ 12 წელს და 6 თვეს, მეც გამატარებინონ 12 წელი და 6 თვე იქ," - განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ხელისუფლება ყველა ტრიბუნას და ფორმატს იყენებს იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის საკითხი იყოს უმთავრესი. ზალკალიანის ინფორმაციით, თვის ბოლოს ჟენევის ფორმატის მომდევნო რაუნდი გაიმართება, სადაც კვლავ მწვავედ დადგება ეს საკითხი. მისივე თქმით, ხელისუფლება კულუარულადაც მუშაობს ამ საკითხზე.