23 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
მოძალადე მამა-შვილს უვადო პატიმრობა მიესაჯოთ, სახლის დაწვაზე კი შეწყდეს გამოძიება - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების ოჯახის მოთხოვნა 

შეწყდეს გამოძიება სახლის დაწვასთან დაკავშირებით - ასეთია იმ არასრულწოვნების ოჯახის პოზიცია, რომლებიც მეზობელი მამა-შვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ოჯახის თქმით, სახლის დაწვა სოფლის პროტესტი იყო. ისინი დაკავებულების ოჯახის სოფელში დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავენ. 

"მოთხოვნა გვაქვს ყველას ერთი, რომ უმკაცრესად დაისაჯოს მოძალადე მამა-შვილი. უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ, ისინი ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ. სოფლის მოთხოვნაა, რომ შეწყდეს სახლის გადაწვაზე გამოძიება," - განაცხადა არასრულწლოვნების მამიდამ.

ოჯახი დაკავებული მამა-შვილის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

"სახლის დაწვის ფაქტზე შეწყდეს გამოძიება. ეს სოფლის პროტესტი იყო, მეგობრების, ნათესავების, ოჯახის წევრების. ვთხოვ მოსამართლეს, პროკურორს, პოლიციას და ყველას, რომ სრული პასუხისმგებლობით დაისაჯოს უვადო პატიმრობით," - განაცხადა მსხვერპლის მამამ.

შეგახსენებთ, სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე  დაკავებული მამა-შვილი არასრულწლოვანს 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს სახლი დაუწვა. 

დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო დაკავებულმა ერთ-ერთმა კაცმა 2018 წელს 9 წლის გოგოს მიმართაც ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ის 8 წლის გოგონას დაა.

საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. 

დღის ამბები