24 აპრილი 2024,   00:52
ვრცლად
რესპუბლიკურმა საავადმყოფომ 700-ზე მეტი დოზა ვაქცინა ისევ NCDC-ში დააბრუნა - რა განმარტებებს აკეთებს კლინიკის ადმინისტრაცია

ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური  ვაქცინაციის ქსელის შემოწმებას აგრძელებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოს 700-ზე მეტი დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინის ისევ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაბრუნებინა მოუწია.

რა გახდა ვაქცინების დაბრუნების მიზეზი, ამასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტებები ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა -"რესპუბლიკური საავადმყოფოს" დირექტორის მოადგილემ ჯავარა უგრეხელიძემ და აღნიშნა, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვაქცინების შესანახ მაცივარში ტემპერატურული რეჟიმიდან მცირე გადახრა დაფიქსირდა.

ჯავარა უგრეხელიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს რეგულირების სააგენტოს დასკვნის თანახმად, აღნიშნულ ვაქცინებს რაიმე პრობლემა არ შექმნიათ:

"მაცივარი, რომელშიც ინახება ვაქცინები, მისი ტემპერატურული რეჟიმების შემოწმება ხდება ორი ხერხით. როგორც კი დაფიქსირდა გარკვეული პატარა გადახრა ტემპერატურული რეჟიმიდან, ამოღებული იქნა ეს ვაქცინები და გადატანილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად. თუმცა საბოლოო დასკვნა ჯანმოსი და ჩვენი რეგულირების სააგენტოსი არის ერთმნიშვნელოვნად ასეთი, რომ ამ ვაქცინებს პრობლემა არ შექმნიათ," - განაცხადა ჯავარა უგრეხელიძემ.

"ასტრაზენეკას" ვაქცინით მიმდინარე აცრებთან დაკავშირებით ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნიას თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინების ახალი დოზები აუცილებლად ჩამოვა და ჯანდაცვის სისტემა   "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის ძველებურ რეჟიმს დაუბრუნდება:

"ამჟამად მიმდინარეობს "ასტრაზენეკათი" იმ პირების ვაქცინაცია, რომელთაც პირველი აცრიდან გაუვიდათ უკვე 10-დან 12 კვირამდე. "ასტრაზენეკას" მოწოდებაზე ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით და აბსოლუტურად გამორიცხულია იმის ალბათობა, რომ "ასტრაზენეკა" უახლოეს ხანში ქვეყანაში არ ჩამოვიდეს. ამდენად დღეს თუ ეს არის 10-დან 12 კვირამდე პერიოდში მყოფი მოქალაქეებისთვის, ძალიან მალე ისევ დავუბრუნებით "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის ძველებურ რეჟიმს, როგორც მეორე ასევე პირველი აცრებისთვის, ვისაც ამისი სურვილი ექნება," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები