27 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
1 წელიწადში მსოფლიო, სავარაუდოდ, სრულად აცრილი იქნება - ისრაელი 5-დან 11 წლამდე ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვების აცრას იწყებს

კორონავირუსმა ოლიმპიადაზე შეაღწია და შეჯიბრებიდან 2 სპორტსმენის მოხსნის მიზეზიც გახდა. არგენტინელი და ამერიკელი ოლიმპიელები ბედს 4 წელიწადში კიდევ ცდიან. თუმცა, მომავალი აშინებთ ტოკიოელებს, სადაც დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. იაპონელები ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებს სწორედ მსოფლიო მასშტაბის სპორტულ შეჯიბრს აბრალებენ, რომელმაც მათ ქვეყანაში ათასობით სტუმარს მოუყარა თავი. ტოკიოს მონაცემებით, ციფრები მართლაც საგანგაშოა,თან - რეკორდულიც. მხოლოდ გუშინ ვირუსით 3177 ადამიანი დაინფიცირდა.

როგორც იაპონიაში, ისე მსოფლიოში ყველაზე მასობრივად და რთულად ვირუსის დელტა ვარიანტი ვრცელდება. ამ ეტაპზე მან პლანეტის 132 ქვეყანაში შეაღწია. 28 აგვისტომდე რეგულაციებს ამკაცრებს ავსტრალია, სადაც კვლავ პირბადეებს უბრუნდებიან, შიდა და გარე სივრცეებში. ისრაელი კი 5-დან 11 წლამდე ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვების აცრას იწყებს.

გასული კვირის მონაცემებით, გლობალურად ვირუსმა ოთხ მილიონამდე ადამიანი დააინფიცირა. ლიდერობას ამერიკა, სადაც დელტა ვარიანტი მძვინვარებს,თუმცა ვაქცინაციაც აქტიურად მიდის, ბევრი უცხოელი ასაცრელად სწორედ შტატებში ჩადის.

ინფიცირების მაჩვენებლებით ევროპაში პირველ ადგილზე რუსეთია, მეორეზე საფრანგეთი, მესამეზე კი დიდი ბრიტანეთი. აქ სურთ, 2022 წლისთვის მთელი მსოფლიო აიცრას, ამიტომ ლონდონმა 10 მილიონამდე დოზა მესამე ქვეყნებს გაუგზავნა. ამასთან, ბრიტანეთის მთავრობა მალე სრულად ვაქცინირებულ პირებს ქვეყანაში კარანტინის გარეშე შეუშვებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის სხვადასხვა ფორმამ 197 მილიონამდე ადამიანი დააინფიცირა და 4 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საგანგაშო რიცხვების გამო მსოფლიო ლიდერები ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები