გორის მკვიდრი ციცინო ქუშაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს. 13 წლის წინ, რუსეთის მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის შედეგად მას შვილი დაეღუპა.
"ვიწექით, დილა იყო, 10-ის რაღაც წუთები, პირველი ბომბი რომ ჩამოვარდა სამხედრო ნაწილში, მაშინ წამოვხტით ყველა. მეორე ბომბი ეზოში ჩამოვარდა, იქ ქალები მსხდარან. 5 წუთში 8 ქალი დაიღუპა. გარეთ გავცვივდით, ჩემმა მაიამ შვილს მოკიდა ხელი და დაბლა გაიქცა, სასწრაფო იყო მაშინ აქ და სასწრაფოს წინ.
რკინის გარაჟები იყო და იმას დაეცა ბომბი. იმის ნამსხვრევებმა მომიკლეს შვილი და დამიინვალიდეს შვილიშვილი, ფეხში მოხვდა. დედა გადაეფარა შვილს, თვითონ თავში მოხვდა ბომბის ნამსხვრევი, ჩემს გივიკოს ფეხში. გივიკო დღესაც კოჭლობს,"- ჰყვება ციცინო ქუშაშვილი.