30 აგვისტო 2026,   00:36
ვრცლად
შეწყალების ჰუმანური აქტი და ოპოზიციის კრიტიკა - პრეზიდენტმა აქციებზე დაკავებული ის პირები შეიწყალა, რომლებმაც დანაშაული აღიარეს

სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, აღიარება, შეწყალების თხოვნა და პრეზიდენტის გადაწყვეტილება - ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულთა ნაწილი პრეზიდენტმა შეიწყალა. ჰუმანური აქტი შეეხო მსჯავრდებულებს, რომლებმაც დანაშაული მოინანიეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუ პირი დანაშაულს მოინანიებს, სახელმწიფოს მის მიმართ ჰუმანური მიდგომა ექნება, ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებამაც დაადასტურა.

ყველა გათავისუფლებულმა პატიმარმა დანაშაული აღიარა. მათ შორისაა საბა ჯიქია, რომელმაც 2024 წელს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ფიზიკური ზიანი მიაყენა. მსჯავრდებულმა დანაშაული აღიარა და საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. გათავისუფლებულებს შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც, რომლებმაც ძალადობრივი აქციების დროს რუსთაველზე 112-ის კამერები დააზიანეს. გათავისუფლდა პარლამენტის ჭიშკრის დაზიანების ფაქტზე მსჯავრდებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი. შეწყალება შეეხო 4 ოქტომბრის არშემდგარი რევოლუციის მონაწილე 3 პირს - სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს და თორნიკე მჭედლიშვილს, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებში იყვნენ ჩართული, სამართალდამცავების მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ჰქონდათ პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობა. გათავისუფლდა აქციების დროს აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი და დენის კულანინი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

დანაშაულის აღიარებისა და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვის გამო ორი დღეა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების კრიტიკა ისმის. მათ სამიზნეებად კი ახლა ის ადამიანები იქცნენ, რომლებიც გისოსებს მიღმა სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოწოდებების შემდეგ აღმოჩნდნენ.

ჰუმანურ აქტთან დაკავშირებით, ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების რეაქცია არ უკვირთ საპარლამენტო უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ისევ გარე დავალებებით მოქმედებენ. მსჯავრდებულთა გათავისუფლება და დანაშაულის აღიარება კი ოპოზიციის იმ გეგმას უშლის ხელს, რომელიც უცხოელი აქტორების დაკვეთით, ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკასა და სახელმწიფო უწყებებზე ზეწოლას ემსახურება.

მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულზე სულ 226 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 217 სასჯელს საპატიმროში იხდიდა, ექვსს არასაპატიმრო სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, სამ პირს კი ნასამართლეობა მოეხსნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო.

დღის ამბები