8 წლის ბიჭი ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, რომელიც ნეპალში დამანგრეველ სტიქიას გადაურჩა. ჰიმალაის ყინულოვანი მთის მასიდან მეწყრის ჩამოწოლის დროს ბავშვმა თავს გაქცევით უშველა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის ტყეში, ხეზე ფეხმოტეხილი იპოვეს.
ნეპალში ძლიერი წყალდიდობის დროს მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 630-ს გადააჭარბა. თითქმის 3000 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. მათ შორის სულ მცირე 540 უცხოელი, რომელთა უმეტესობა ინდოეთიდან ჩასული მომლოცველი იყო.
ოჯახები საკუთარ ახლობლებს გარდაცვლილთა სიებში ეძებენ. პარალელურად მოქალაქეები მაშველებთან ერთად ცდილობენ დაზარალებულების გადარჩენას. დაშავებულთა შორისაა ეს 43 წლის ქალიც, რომლის სახლი მეწყერმა დაანგრია.
განსაკუთრებით რთულია ვითარება ნეპალის ჩრდილოეთით, ჩინეთის საზღვართან, სადაც ჩახერგილი გზების გამო სამაშველო ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს. დამანგრეველი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ისედაც ღარიბი ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. გაეროს მონაცემებით, ნეპალში დაახლოებით 17 000 ბავშვს, 9000 მოზარდს, 1 500 ორსულს და მეძუძურ ქალს საკვებით და წყლით დახმარება სჭირდება.
26 აგვისტოს დაწყებულ წყალდიდობას ჰიმალაიზე მყინვარების ჩამოშლა და მთის მდინარეების ადიდება მოჰყვა. კლდეების, ყინულის, ტალახისა და ნანგრევების ნიაღვარმა ტრიშულის რაიონში შეაღწია, რამაც ადამიანებთან ერთად მიწის ქვეშ მოიყოლა სახლები, ავტომობილები, ხიდები და ელექტროსადგურები. სიღარიბეში მყოფმა ქვეყანამ ადამიანური დანაკარგის გარდა ათეულობით მილიონის ზარალი განიცადა. გაერო და არაერთი ქვეყანა ნეპალში ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას ზრდის.