29 აგვისტო 2026,   21:44
ვრცლად
ვითარება რთულია, თუმცა ძირითადი ზიანი მაინც ცენტრალურ საავტომობილო გზებზე აღინიშნება, შიდა სასოფლო გზები კი სრულად გაწმენდილია - ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი

უხვმა ნალექმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სტიქიამ საყდრის ხიდი დააზიანა. დილიდან, ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, საყდრის ხიდის ადგილზე, დროებითი ხიდი მოეწყობა, რომელიც ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე კი მაღალი გამავლობის მანქანები, შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. სტიქიის ზონაში იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"ვითარება რთულია, თუმცა ძირითადი ზიანი მაინც ცენტრალურ საავტომობილო გზებზე აღინიშნება, რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, არის მცირედი დაზიანება, დილიდან მოხდა ადგილზე ტექნიკის მობილიზება, შიდა სასოფლო გზები სრულად გაწმენდილია ამ წუთის მდგომარეობით, სრულად არის ჩართული გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია, ამ ეტაპისთვის ადგილზე მოტანილია დროებითი ხიდი,"- აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გეწაძე. აცხადებს, რომ მიმდინარე სამუშაოების შედეგად დროებითი ხიდის მოწყობა უახლოეს პერიოდში დასრულდება. პროექტი უკვე მომზადებულია. სატენდერო პროცედურები კი უმოკლეს ვადაში დაიწყება.

"მყისიერად მოხდა მოხდა მძიმე ტექნიკის მობილიზება, ადგილზე არის ყველა საჭირო ტექნიკა, ტრანსპორტირება განხორციელდა დროებითი სახიდე გადასასვლელის, რომელიც უკვე ადგილზეა, ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. დღესვე დაიწყება აღნიშნული დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები,"- აღნიშნავს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გეწაძე.

 

დღის ამბები