თელავის სასამართლო მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. სასამართლოს სიტყვით მიმართა თავად ბრალდებულმაც და მომხდარის დეტალებზე ისაუბრა.
"მე ნათქვამი მაქვს გამოიძებისთვის, რომ როცა დავურეკე ჩემს ძმას და მითხრა არ მცალიაო, დავურეკე ჯაბას სად ხარ-თქო. მითხრა, რომ ვარ წინანდალშიო. ამათ მოსვლიათ ჩხუბი. უცემიათ ჯაბა და მისი მეგობარი ამ ჯგუფს. როგორც მითხრა მცემესო, მითხრა სადაც იყვნენ. ზვიადი სად არის-თქო და აქ არისო. ახმეტიდან წავედი. რომ ავედი ადგილზე იყო ხალხი შეგროვებული ძალიან ბევრი. პირველ ნაკადს რომ ავცდი, მივხდი, რომ 15-20 მეტრის ზემოთ დავინახე ჩემი ძმა და ესენი. მაგდენივე იყო ჩემის ძმის მხარესაც ალბათ. ზემოთ იყვნენ ესენი, ვისთანაც მივდიოდი მე. რომ მივედი და გავაჩერე მანქანა, გადმოვედი, გადავკოცნე ჩემი ძმა, არ მენახა იმ დღეს. შევეკითხე რა ხდება-მეთქი. ქვემოთა მხრიდან დაიწყო ამეებმა საუბარი, ყვირილი, რომელიც დილით იყო, კონფლიქტში გადმოდიოდნენ წინ, აქ დაიღვრება სისხლიო. ამ ადამიანს ეკიდა ჩანთა და ხელი ჰქონდა ჩადებული. როგორც კი მივიდნენ ესენი, ლაპარაკი არც გაგრძელებულა, ატყდა ჩხუბი, ჩხუბს მოყვა სროლა და მოყვა ეს შედეგი,"- განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა.
შეგახსენებთ, ზურაბ ზვიადაური განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.
შსს-ს მიერ 17 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, "16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად დაიჭრა ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ."