19 ოქტომბერი 2021,   00:53
ვრცლად
კუბაში 2 წლიდან ვაქცინაცია დაუშვეს, ჩინეთი კი ისევ ინფიცირების მზარდ მაჩვენებელს ებრძვის - ეპიდვითარება მსოფლიოში

ჩინეთი, რომელიც პანდემიის გავრცელების პირველი წყაროა, კვლავ ინფიცირების მზარდ მაჩვენებელს ებრძვის. იმის მიუხედავად, რომ ფუჯიანის პროვინციაში მკაცრი შეზღუდვები უკვე დაწესებულია, ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ პროვინციაში აკრძალულია მოგზაურობა და მასობრივი შეკრებები. შეჩერებულია სატრანსპორტო მუშაობა. საზოგადოებას კი სახლის დატოვება მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში შეუძლია.

ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლით კი ლიდერის პოზიციას კვლავ შეერთებული შტატები იკავებს. ქვეყანაში 65 წელს გადაცილებული პირებისა და რისკჯგუფებისთვის ბუსტერ დოზების გაკეთების რეკომენდაცია მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა უკვე გასცა. მესამე დოზით აცრის რეკომენდაციის მიუხედავად ეპიდსიტუაციის ნომერ პირველ გამოწვევას არავაქცინირებულთა მაღალი მაჩვენებელი წარმოადგენს. ქვეყნაში 1 მარტის შემდეგ ბოლო 7 დღის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ეპიდაფეთქებაა სასკაჩევანსა და ალბერტაში. აღსანიშნავია, რომ კანადის ამ ნაწილებში ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღის ფონზე ექიმები საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ. ადგილობრივი ხელისუფლება კი ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ერთადერთი, რაც ცნობილია ,პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. დამატებით თუ რა შეზღუდვები იგეგმება, ამაზე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დღეს იმსჯელებენ.

კორონავირუსის სწრაფად გავრცელებას აუცრელ ადამიანებს უკავშირებენ ავსტრალიაშიც. ქვეყნაში შეზღუდვების სრულად შემსუბუქება მას შემდეგ იგეგმება, რაც მოსახლეობის 70% სრულად აიცრება.

საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ კუბაშიც. ინფიცირების მაჩვენებელი ზრდასრულების გარდა მზარდია ბავშვებშიც, რის გამოც მცირეწლოვნების აცრის შესაძლებლობა 2 წლის ასაკიდან დაუშვეს.
 

დღის ამბები