27 აპრილი 2024,   01:22
ვრცლად
არც ამერიკაში, არც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ეჭვი არ ეპარებათ იმ ფარული მიყურადების მასალების ავთენტურობაში - ნიკა მელია

ოპოზიციისთვის საქართველოს ელჩის დაბარება ბრიუსელში მიანიშნებს იმაზე, რომ ელჩებთან დაკავშირებით მათი მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.

ხელისუფლების ოპონენტები მიანიშნებენ საერთაშორისო დანაშაულზე და საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, საერთაშორისო რეაგირება იქნება მკაცრი.

"არც ერთ სტრატეგიულ პარტნიორს არც ამერიკაში, არც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ეჭვი არ ეპარება იმ ფარული მიყურადების მასალების ავთენტურობაში, რომელიც მოპოვებული არის, საიდან, როგორ - ეს არავინ იცის. ელჩი რომ არ დარწმუნებულიყო, რომ კრებსში ამოღებული მის მიერ წარმოებული საუბარი სხვადასხვა პირებთან არ არის იდენტური, მერწმუნეთ, ამ ადამიანს - ელჩს, არ დაიბარებდნენ," - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია.

"მესამე ძალის" ლიდერი და პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ელჩებისა და დიპლომატიური კორპუსის თვალთვალი საერთაშორისო დანაშაულია.

"ელჩების მოსმენა და დიპლომატიური კორპუსის თვალთვალი - ეს არის საერთაშორისო დანაშაული. ეს არ არის მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი დანაშაული. შესაბამისად, ამას არა უბრალოდ რეაგირება ექნება, დარწმუნებული ვარ ამაში, შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან და დეტალური გამოძიება მოხდება ჩვენი ევროპელი კოლეგების და დასავლელი კოლეგების მხრიდან იმიტომ, რომ რა თქმა უნდა ისინი დაიცავენ ვენის კონვენციას, რომელიც იცავს დიპლომატიურ კორპუსს და არ დაუშვებენ იმას, რომ მათი წარმომადგენლები აქ იყვნენ მუდმივი თვალთვალის და მიყურადების ქვეშ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც "ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მსგავსი შერცხვენა, როდესაც უახლოესი პარტნიორების მიყურადება-თვალთვალზეა საუბარი, მას არ ახსენდება.

"მან პირდაპირ ამხილა დღეს "ქართული ოცნება", დღევანდელი ხელისუფლება, რომ მიმდინარეობს და მიმდინარეობდა დიპლომატების მოსმენები იმიტომ, რომ როგორც ჩანს ის ჩანაწერები, ფაილები ასახავს რეალურ საუბრებს დიპლომატების. ასეთი შერცხვენა მე არ მახსენდება არც ერთი ხელისუფლების, ასეთი ზიანი ქვეყნისა და სახელმწიფოსადმი, რომელიმე ხელისუფლებას მიეყენებინოს, რომ უახლოესი პარტნიორების მიყურადებას აწარმოებდეს უკანონოდ, ასეთი რამ მე არ მახსენდება," - აცხადებს "ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ინფორმაციით, სუსიდან გამოჟონილ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.

დღის ამბები