ბათუმში, ტრაგედიის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სპეციალისტები მიმდებარე ტერიტორიებზე საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოებას სწავლობენ.
ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარედ ყველა ბინა დალუქულია და მოსახლეობას შესვლა ეკრძალება. ნანგრევებზე ამ დროისთვის მძიმე ტექნიკის მუშაობა გაჩერებულია.
ევაკუირებული კორპუსებიდან მოსახლეობა აცხადებს, რომ ნგრევის შედეგად ბინების კედლებზე ბზარები გაჩნდა, რაც საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის, ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
შემთხვევის ადგილზე, მოქალაქეები დილიდან მიდიან და ე.წ. გლოვის კუთხესთან ყვავილები და სანთლები მიაქვთ. ისინი გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამენ და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
მოქალაქეების თქმით, უკანონო მშენებლობებზე ხელისუფლებას მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩა, სადაც ტრაგედია მოხდა, გადაკეტილია და ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.