სამედიცინო პლატფორმა "მედ სითის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თათა დვალიშვილი იმ მოქალაქეებს შორის არის, რომლებიც ირწმუნებიან, რომ გრიპის ვაქცინის ნაცვლად დღეს C ვიტამინი მიიღეს - დვალიშვილის თქმით, დაზარალებული მისი 4 წლის შვილია.
"ერთი კვირით ადრე დავჯავშნე ადგილი. Facebook-ის გვერდით გავიგე, რომ შემოიტანეს გრიპის ვაქცინები, გავარკვიე ყველაფერი - საათი, დრო, ფასი და მივედი დედასთან და ჩემი 4 წლის შვილთან ერთად. როდესაც მივედით და თანხა გადავიხადეთ, შევიყვანე ბავშვი ასაცრელად, მანამდეც მქონია შეხება აცრებთან, ვარ სამედიცინო პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიცოდი ჩემი უფლების შესახებ და მოვითხოვე, რომ ჩემი შვილის გაკეთებული ვაქცინის ყუთი, ან რაიმე დამადასტურებელი, რომ ვაქცინა ჩატარდა, გადმოეცათ. ეს მოვითხოვე სანამ ვაქცინა გაუკეთდებოდა, მაგრამ ე.წ. იმუნოლოგმა გიორგი ჩანდელმა მითხრა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს კოლოფი, რითიც შეიძლება რომ დაადასტურონ, მაგრამ აქვს რაღაც პლასტმასის, მოღუნული, სასაცილო შპრიცი, რომელზეც მარტივად მიხვდები, რომ საეჭვო ფაქტთან არის საქმე.
ამის შემდეგ, ისევ მოვითხოვე, რომ რაიმე საბუთი მაინც ეჩვენებინათ, რომ ნამდვილად შეიძინეს ფრანგული ვაქცინა, ამ გარკვევაში მე ამოვიღე ტელეფონი, რომ დამერეკა ჩემი მეგობარი იმუნოლოგებისთვის, რომ მეკითხა აზრი, ბავშვს უცებ გაუკეთა ვაქცინა ამ გიორგიმ. ბავშვს რომ ხელი არ აექნია და პრობლემა არ შეექმნა, უცებ, უპრობლემოდ ავცერიო - მითხრა. რა თქმა უნდა, ეს არ მომეწონა, ძალიან დავიძაბე, გამოვვარდი რეგისტრატურაში, სადაც მაწყნარებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ეს ნამდვილად გრიპის ვაქცინა იყო და არანაირ თაღლითურ დაჯგუფებასთან არ მქონდა საქმე.
საბოლოო ჯამში, გავარკვიეთ ამ ე.წ. იმუნოლოგის ოთახში შევედით, ძალიან დაძაბულად და მიწოლით ვესაუბრე და აღიარა, რომ ეს იყო C ვიტამინის ამპულა," - განაცხადა თათა დვალიშვილმა.
თუმცა, დვალიშვილს ეჭვი ეპარება, რომ მისი შვილი C ვიტამინით აცრეს და გამოძიების შედეგებს ელოდება, ამასთან, ითხოვს, რომ ექსპერტიზა ჩატარდეს. მისი თქმით, ექსპერტიზის ჩატარებას სხვა მოქალაქეებიც ითხოვენ, ვინც თავს დაზარალებულად მიიჩნევს.
თათა დვალიშვილი აცხადებს, რომ 35 ადამიანია, ვინც აღნიშნული გაურკვეველი პრეპარატით აიცრა.
მისი თქმით, კლინიკაში არ იმყოფებოდა მედპერსონალი, რამაც მას ეჭვი გაუჩინა.