დავით ფეიქრიშვილზე ციხის საკანში ძალადობის საქმეზე ორ ყოფილ მაღალჩინოსანს 10-10 ათასი ლარის გირაო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძისა და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის, რამაზ ფირცხალავას მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე მათ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
საქმის პროკურორის თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ვახტანგ ჟვანიას (იგივე ვახტანგ ყიფიანის) თხოვნით, გიორგი პატარიძის მითითებითა და რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, გათვალისწინებული იქნა ვახტანგ ჟვანიას თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში მისი და ასევე სხვა ბრალდებულების და მსჯავრდებულის განთავსების თაობაზე.
"სასამართლომ განიხილა დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე ბრალდებული ორი პირის, ეს გახლავთ გიორგი პატარიძე და რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილი არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ვახტანგ ჟვანიას, იგივე ვახტანგ ყიფიანის თხოვნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმჟამინდელი გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის მითითებით და ნომერ მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, გათვალისწინებული იქნა ვახტანგ ჟვანიას თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში მისი და ასევე სხვა ბრალდებულების და მსჯავრდებულის განთავსების თაობაზე. ეს გარემოებები არის დადგენილი და შესაბამისად, კონკრეტულ პირებს ამ ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ წარედგინათ ბრალდება შესაბამისი მუხლებით. გამოძიების ეტაპზე ისინი მოწმის სახით არიან გამოკითხული, ანუ ბრალდების წარდგენამდე მათ აქვთ მოწოდებული გარკვეული ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა პროკურორმა.