19 დეკემბერი 2024,   05:26
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე ყოველთვის ამ მთავარი ბანდიტის, სააკაშვილის მორჩილი მსახური იყო - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის მიერ, კერძოდ კი "ლელოს" ინიციატივით, თვითმმართველობის ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას ეხმაურება და აბსოლუტურ ფარსს და მოსახლეობის მოტყუების მცდელობას უწოდებს.

პრემიერი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის მორჩილი მსახური და ფინანსური დანაშაულებების შემსრულებელი იყო.

"ჩვენ მოსახლეობას მინდა ავუხსნა, არა ერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ მათი ეს ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა მათსავე წიაღში, რა თქმა უნდა იყო აბსოლუტური ფარსი და ტყუილი, მოსახლეობის და საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება.

ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნების განცდა ზოგადად არსებული სიტუაციის. მათ ჰგონიათ, რომ ისევე როგორც ატყუებდნენ მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, საუბედუროდ, თავიანთი პროპაგანდისტული მანქანებით, ასევე ეგონათ რომ მოატყუებდნენ.

რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო დაეჯერებინა ის ფარსი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ? არც ერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი.

მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის, დამნაშავის მორჩილი მსახური. ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ. მამუკა ხაზარაძე იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი ამ მძიმე ფინანსური დანაშაულებებისა. ღამის 2-3 საათზე მიჰყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის TBC ბანკშიც, ხაზარაძის ოფისებშიც და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, ბანკიდან სესხის გაცემა ფიქტიურად, იმ თანხას თვითონ სახელმწიფო ართმევდა ბიზნესმენს, სააკაშვილის დროს ბუნებრივია. ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძე, ეს ყველამ იცის, ნებისმიერმა ბიზნესმენმა, ათასობით ადამიანი არის ჯერ კიდევ დღეს დაზარალებული და ისინი ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.

აქედან გამომდინარე, ეს ფარსი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ეს არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პრეზენტაცია, რა შეიძლება ამაზე გაკეთდეს კომენტარი, გარდა იმისა, რომ 30 ოქტომბერს სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში და მათ შორის თბილისში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. კოალიცია ოპოზიცია ჯერ კიდევ არჩევნების პირველ ტურამდე წარადგინა. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" როგორც დედაქალაქში, ასევე დანარჩენ 19 მუნიციპალიტეტშიც არჩევნების მეორე ტურს დამაჯერებლად მოიგებს.

"ეს ე.წ. კოალიცია მათ წარადგინეს ჯერ კიდევ პირველ ტურამდე და გახსოვთ იქ იყო წარმოდგენილი მელია, ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, ახლა დაამატეს ამას 2.5%-იანი "ლელო" და 0%-იანი ბურჯანაძის პროდასავლური პარტია. ეს არის რაღაც უაზრო თამაშები. რა თქმა უნდა თბილისში არჩევნების მეორე ტურს კახა კალაძე უპირობოდ და დამაჯერებლად მოიგებს, იგივე მოლოდინი გვაქვს სხვა 19 მუნიციპალიტეტშიც," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, "ლელო" ოპოზიურ პარტიებს კოალიციის შექმნას და ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებას სთავაზობს. მამუკა ხაზარაძეს აქვს წინაპირობებიც - "ნაციონალურმა მოძრაობამ" მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრები არ უნდა წარადგინოს.

დღის ამბები