27 აპრილი 2024,   10:38
ვრცლად
ვის შეუმცირდება სესხებზე პროცენტი - სებ-ის ანგარიშის მიხედვით, რეფინანსირების განაკვეთი 2022 წლიდან უნდა შემცირდეს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც ამჟამად 10%-ია, 2022 წლიდან ეტაპობრივად უნდა შემცირდეს და ის წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით, 9%, ხოლო წლის მეორე ნახევარში - 7.75-8% გახდება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე 2021 წლის აგვისტოში გაზარდა, რაც თავის მხრივ, რეკორდულად გაზრდილი ინფლაციით იყო განპირობებული.

27 ოქტომბერს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუთითა, რომ საბაზო პროგნოზის მიხედვით, მომდევნო წლიდან ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს და ის წლის მეორე ნახევარში სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს. შესაბამისად, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებასაც განიხილავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირების კლების შედეგად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8.3 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის საპროცენტო განაკვეთებიც შემცირდება.

ამჟამად, ამ სესხების რაოდენობა 163 ათასია. სესხებს შორის ლარის იპოთეკური სესხების მოცულობა 2.9 მილიარდი ლარია, მათი საშუალო განაკვეთი, ამჟამად, 12.3%-ია. სები განმარტავს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მომავალში არსებულ ფაქტობრივ ინფლაციასა და ინფლაციურ მოლოდინებზე იქნება დამოკიდებული.

"მიმდინარე და მოსალოდნელ ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ, 10%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა. პოლიტიკის გამკაცრებული პოზიცია მაღალი ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან დროული დაბრუნების მოლოდინის გამტკიცებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, გამკაცრებული პოზიციიდან გამოსვლა მხოლოდ ეტაპობრივად, ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზების კვალდაკვალ მოხდება", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე "რუსთავი 2 - თან" განმარტავს, რას ნიშნავს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, ვის შეუმცირდება სესხებზე პროცენტები როდიდან არის გეგმის ამოქმედება შესაძლებელი. 

"რეფინანსირების განაკვეთი განსაზღვრავს საშუალო საპროცენტო განაკვეთს ლარში და ის, მეტწილად, არის დამოკიდებული, თუ როგორი ინფლაციაა ქვეყანაში, ანუ ფასები რამდენად იზრდება და იცვლება.

როდესაც გვაქვს ორნიშნა ინფლაცია, ეროვნულ ბანკს უწევს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. 

ის, რომ დღეს გვაქვს 10%, ამან გაზრდა საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში სესხებზე. შედეგად მივიღეთ ის, რომ გვაქვს უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები ლარში სესხებზე. 

როდის დაიკლებს რეფინანსირების განაკვეთი და როდის დაიწყება სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევა?

"ეს არის იმაზე დამოკიდებული, როგორი იქნება ინფლაცია. მოსალოდნელია, რომ შემდეგ წელს ფასების ზრდის ეს ტემპი შენელდეს და ინფლაცია იყო არა 12 და 13%, როგორც ახლა არის, არამედ მეორე კვარტლიდან ნელ-ნელა დაიწყოს შემცირება. 2022 წლის მეორე ნახევრში კი ნელ-ნელა მიუახლოვდება ალბათ 3%-ს მიზნობრივ მაჩვენებელს. ამან კი, შეიძლება, შექმნას საფუძველი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების. 

ამას სებიც ამბობს, რომ მოსალოდნელია, მაგრამ საქართველოში ერთი წლით ადრე რამის პროგნოზირება, მითუმეტეს ეკონომიკაში, შეუძლებელია. ყველაფერი ასე მოხდება სხვა თანაბარ პირობებში, ანუ ისე თუ წავიდა ყველაფერი, როგორც არის გეგმა და პანდემიას დროულად დავამარცხებთ შესაძლებელი იქნება ამ სცენარის განვითარება.

შედარებით დაბალი ინფლაციის პირობებში ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი, შეარბილოს მონეტარული პოლიტიკა, რასაც მოჰყვება საბანკო სესხებზე პროცენტის დაწევა,"- აცხადებს კეპულაძე.

საქართველოში, დაახლოებით, რამდენ ადამიანს გაუძვირდა სესხი და უშუალო წნეხი როგორია?

"საქართველოში დაახლოებით მილიონ რვაასი ათას ადამიანს აქვს სხვადასხვა ტიპის სესხი, აქედან დაახლოებით 60/40-ზეა, დაახლოებით, ვისაც აქვს ლარში სესხი (ეს მხოლოდ იმათ ეხებათ, ვისაც აქვს ლარში სესხი). 

163500 მომხმარებელს, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხზე, საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება. 

ბანკებს, ზოგადად, მოზიდული სახსრები გაუძვირდათ, რამაც გამოიწვია საშუალო საპროცენტო განაკვეთების აწევა ყველა ტიპის სესხზე, მეტ-ნაკლებად, ეს რომ შემცირდეს, ამისთვის საჭიროა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება.

რაც შეეხება დოლარს და ევროს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები არის მინიმუმზე, იმიტომ რომ ამ ქვეყნებში უფრო სწრაფია ეკონომიკის აღდგენა და მეტი ფული იხარჯება. ბევრი ევრო და დოლარია გამოსული, შესაბამისად, იაფი ღირს. ლარი, კი სამწუხაროდ, არ გვაქვს,"- აცხადებს გიორგი კეპულაძე.

დღის ამბები