საქართველოში კორონავირუსის გავრცელების და COVID-19-ით ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ტემპი უკვე ჩუტყვავილას გავრცელებას გაუსწორდა.
"სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს. ამიტომ, ამის იმედი ნურავის ექნება, მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა. ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას იმისათვის, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს ამ პატარა ქვეყანაში,"-აცხადებს პაატა იმნაძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, უამრავი ადამიანის გადარჩენა ახლა ვაქცინაციაზე გადის.
"53 000-ზე მეტი ადამიანია დღეს საქართველოში კოვიდით დაავადებული. ეს რომ წარმოვიდგინოთ, ერთი, საკმაოდ მოზრდილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაა და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე, ჩვენს საზოგადოებაზე, აქტივობაზე. სწორედ ახლა, გადარჩენა გადის აცრაზე,"- აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.